სუს-ის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა

© photo: Sputnik / Stringerსუს-ის შენობა
სუს-ის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2026
გამოწერა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების და აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდის საფუძველზე. სწავლა უფასო იქნება.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოამზადებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების და აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდის საფუძველზე. სწავლა უფასო იქნება.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი, რეფორმის ფარგლებში, გარდაიქმნა და ჩამოყალიბდა აკადემიის სტატუსით. აკადემია წლის განმავლობაში პირველად განახორციელებს სამაგისტრო პროგრამას, ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე. სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს სისტემის უზრუნველყოფას მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით“, - განაცხადა მაღრაძემ.
მისი თქმით, პროგრამა მოიცავს როგორც ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტებს, ისე ფიზიკური, საცეცხლე და ფსიქოლოგიური მომზადების საკითხებს. სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებისთვის. ისინი პროგრამაზე მოხვდებიან ეროვნული გამოცდების შედეგად.
გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია უფლებამოსილი იქნება განახორციელოს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და უნარ-ჩვევების განვითარებას.
ყველა ახალი ამბავი
0