კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIმობილური კავშირის ანძა
მობილური კავშირის ანძა - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2026
გამოწერა
გოგა გულორდავამ ამ თანამდებობაზე კახა ბექაური შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების 12-წლიანი ვადა ამოეწურა.
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. კომუნიკაციების კომისიის (ComCom) წევრებმა გოგა გულორდავა სამი წლის ვადით კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გოგა გულორდავამ ამ თანამდებობაზე კახა ბექაური შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების 12-წლიანი ვადა ამოეწურა. ბექაური კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში 2014 წელს, კომისიის წევრის სტატუსით მივიდა, 2017 წლიდან კი კომისიას ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ ბექაურს ბოლო 2023 წლის არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავდა.
არჩევნები დღეს, 29 იანვარს ჩატარდა. ფარული კენჭისყრით ჩატარებულ არჩევნებზე კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ გოგა გულორდავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
საქართველოს პარლამენტმა გულორდავა კომუნიკაციების კომისიის წევრად 77 ხმით, ერთხმად 2025 წლის დეკემბერში დაამტკიცა.
უწყების ინფორმაციით, გოგა გულორდავას 26 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.კომუნიკაციების კომისიამდე ის ორი წლის განმავლობაში ტელეკომპანია "ტელეიმედში" ფინანსური მონიტორისა და აუდიტის პოზიციას იკავებდა. 2020 წლიდან 2025 წლამდე კი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში გენერალური დირექტორის მრჩეველი, შემდგომ კი ამავე უწყებაში შიდა აუდიტის დირექტორი იყო.
2016-2020 წლებში გოგა გულორდავა საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 2013-2016 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.
კომუნიკაციების კომისიის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მონოპოლიის დაუშვებლობა, კონკურენციის ხელშეწყობა და გამჭვირვალე მარეგულირებელი გარემოს შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.
ყველა ახალი ამბავი
0