მიმოხილვა: სლავიანსკამდე 15 კმ დარჩა, ზაპოროჟიემდე – 12, დობროპოლიემდე – ოთხი

© photo: Sputnik / Сергей Бобылев / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2026
გამოწერა
რუსეთის არმია სტრატეგიულ ინიციატივას ფლობს და ფრონტის ყველა მონაკვეთზე უტევს, რითაც დონბასის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქის სრულ გათავისუფლებას აახლოვებს. მკაცრი ზამთრის პირობები რუსულ ჯარებს ხელს არ უშლის — ისინი მეთოდურად იკავებენ ახალ საზღვრებს, ტერიტორიებსა და დასახლებულ პუნქტებს.
რუსეთის გენშტაბის ინფორმაციით, იანვრის 27 დღის განმავლობაში გათავისუფლებულია 17 დასახლებული პუნქტი და 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია.
დონბასის დასავლეთ ნაწილში რუსული ქვედანაყოფები იერიშს ახორციელებენ კონსტანტინოვკაზე, შეტევით ბრძოლებს აწარმოებენ ქალაქ დობროპოლიედან 4 კმ-ში და სლავიანსკიდან 15 კმ აღმოსავლეთით. 20-ე გვარდიის არმიის ნაწილები ასრულებენ დრობიშევოს, იაროვაიასა და სოსნოვოეს გათავისუფლებას (ფრონტის მონაკვეთი, დაახლოებით, 15 კმ-ია). რუსული არმიის წინსვლა სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციის მიმართულებით შეუქცევადია.
დაჯგუფება „დნეპრის“ ქვედანაყოფებმა გადამწყვეტი მოქმედებებით ნოვოიაკოვლევკა გაათავისუფლეს და რუსული ჯარები ზაპოროჟიეს ქალაქის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბნებიდან მხოლოდ 12 კმ-ში იმყოფებიან. მე-5 გვარდიის არმიის „აღმოსავლური ექსპრესი“ დინამიურად მიიწევს ზაპოროჟიეს ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში — იანვარში იქ ოთხი დასახლებული პუნქტი იქნა დაკავებული.
ხარკოვის მიმართულებით აქტიური შეტევითი მოქმედებების ფარგლებში დაჯგუფება „ზაპადმა“ გაათავისუფლა კუპიანსკ-უზლოვოე, რომელიც კუპიანსკის სამხრეთით მდებარეობს. პირველი სატანკო არმია ანადგურებს მოწინააღმდეგის ფორმირებებს, რომლებიც ოსკოლის მდინარის მარცხენა სანაპიროზე არიან ალყაში მოქცეული. რუსეთის გენშტაბის მონაცემებით, დაახლოებით 24 კვადრატული კილომეტრის ფართობის ბლოკირებულ რაიონში რჩება 800-მდე უკრაინელი მებრძოლი. აქ რუსეთი გაჩერებას არ აპირებს.
შემთხვევითი არ არის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა ხარკოვის მიმართულებით აქტიურად გადააქვს რეზერვები — ГУР-ის ქვედანაყოფები, 169-ე მექანიზებული ბრიგადა და საინჟინრო ნაწილები.
სუმის ოლქში უსაფრთხოების ზოლის გაფართოების მიზნით, დაჯგუფება „სევერმა“ ერთი თვის განმავლობაში ოთხი დასახლებული პუნქტი დაიკავა. სერედინა-ბუდის რაიონში კომპლექსური საცეცხლე დარტყმით განადგურდა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მე-5 სასაზღვრო რაზმის სამეთაურო პუნქტი. სუმის რაიონში იერიშის ჯგუფები შვიდ მონაკვეთზე დაწინაურდნენ, გლუხოვის რაიონში კი — სამზე. მანამდე რუსულმა ჯარებმა სუმის ოლქში კომაროვკაც დაიკავეს.
უკრაინული სარდლობა ვერ ახერხებს მთავარი დარტყმის მიმართულების განსაზღვრას და არ გამორიცხავს რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევას ჩერნიგოვის ოლქშიც, სადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა საჰაერო-კოსმოსური ძალებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ჯარების აქტიურობა. ამასთან, არ მცირდება დარტყმების ინტენსივობა კიევში, ოდესასა და დასავლეთ უკრაინაში მდებარე ობიექტებზე. სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზის“ ნავთობსაცავებმა და სხვა ინფრასტრუქტურულმა ობიექტებმა იანვარში 15 ძლიერი დარტყმა მიიღეს.
თეთრ სახლში განაცხადეს: უკრაინა რუსეთთან მშვიდობას უნდა დათანხმდეს (ტერიტორიის გადაცემის პირობით), რათა ამერიკული უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს. ამაში გარკვეული ეშმაკობა იკვეთება. ამერიკელები კიევს დონბასიდან ჯარების გაყვანისკენ (როგორც ამას მოსკოვი მოითხოვს) უბიძგებენ, რადგან აცნობიერებენ: რუსეთის არმია მაინც გაათავისუფლებს დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებს, ხოლო დასავლეთის რესურსები ფუჭად დაიხარჯება. მეორე მხრივ, ვაშინგტონი ცდილობს რუსეთთან პროქსი-ომის დასრულებას შედარებით მისთვის ხელსაყრელი პირობებით — იარაღის მიწოდებისა და უკრაინისთვის სხვა (მიუღებელი) „უსაფრთხოების გარანტიების“ შენარჩუნებით.
სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესშიც კი უკრაინის შეიარაღებული ძალები თავისუფლად იყენებენ ამერიკულ კავშირგაბმულობის სისტემას Starlink-ს, პენტაგონის სადაზვერვო ინფორმაციას, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს M142 HIMARS-ს — და სწორედ ამ რესურსების დახმარებით შეუძლიათ ბანდერელებს დარტყმების განხორციელება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში.
ასეთი კომპრომისული „მშვიდობისმყოფლობა“ ვაშინგტონის მხრიდან ობიექტურად ინარჩუნებს კონფლიქტის დაძაბულობას. ამიტომაც მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოა. ფრონტის ყველა მონაკვეთზე რუსული ჯარები უტევენ, ხოლო უკრაინული სასაფლაოები ფართოვდება. ამასთან, კიევი არ მალავს განზრახვას, მომდევნო ორი წლის განმავლობაში გააგრძელოს ომი, თუ ნატოს ევროპული ქვეყნები ფინანსურ და სამხედრო დახმარებას გაუწევენ. ძველი სამყაროს პრობლემა ისაა, რომ პროქსი-ომის გასაგრძელებლად საკმარისი რესურსი აღარ აქვს.
გაიყვანს თუ არა უკრაინის არმია ჯარებს დონბასიდან, გამანადგურებელი სამხედრო მარცხი მაინც გარდაუვალია. კიევის მარიონეტები და მათი დასავლელი პატრონები იმედს მხოლოდ აშშ-ში „ხელისუფლების ცვლილებაზე“ ამყარებენ და პენტაგონის რესურსების უკრაინულ ფრონტზე დაბრუნებას ელოდებიან. რამდენად რეალურია ეს?
ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა, ადრე ხაზი გაუსვა რუსეთის ბირთვული ძალების საკვანძო როლს დასავლეთის შეკავებაში მოსკოვთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტისგან. ბაუერის თქმით, რუსეთის ბირთვული არსენალი მთავარი ფაქტორია, რაც მას ავღანეთის თალიბებისგან განასხვავებს: „რუსებს ბირთვული იარაღი რომ არ ჰქონდეთ, ჩვენ უკვე უკრაინაში ვიქნებოდით და მათ გავაძევებდით“. ნატოს სტრატეგები ამ პოზიციას დღესაც იზიარებენ.
აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში მაიკლ უოლცმა გრენლანდიის ანექსიისკენ სწრაფვა ასე ახსნა: „რუსეთმა აიძულა ვაშინგტონი, არქტიკის დაცვა საკუთარ ხელში აეღო“. და არა მხოლოდ არქტიკის.
აშშ-ის არმიამ დაადასტურა „აბრამსის“ ტანკების განთავსება უკრაინის დასავლეთ საზღვართან. შეერთებული შტატები მზად არის, გააფართოვოს „ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენება“ მოკავშირეთა უფრო დიდ წრესთან. შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ დენ კეინმა ადრე განაცხადა:
„სამხედრო თვალსაზრისით, ნატოს მოკავშირეების მონაწილეობა ბირთვული შეკავების მისიაში, ამა თუ იმ ფორმით, გაზრდის მოქნილობას, მდგრადობას და სამხედრო პოტენციალს“.
დღეს აშშ-ს ბირთვული თანამშრომლობა უკვე ჩამოყალიბებული აქვს ბელგიასთან, ნიდერლანდებთან, გერმანიასთან, იტალიასა და თურქეთთან (მასშტაბური კონფლიქტის შემთხვევაში, ამ ქვეყნების ჯარებს შეუძლიათ გამოიყენონ მათ ტერიტორიებზე განთავსებული ამერიკული ბირთვული ქობინები). პენტაგონის უახლესი სადაზვერვო თანამგზავრული სისტემა გეოსტაციონარულ ორბიტებზე 2030 წელს ამოქმედდება. ამერიკაში „უცხოპლანეტელები“ ცხოვრობენ.
უკრაინული პროქსი-კონფლიქტისგან გათავისუფლების მცდელობის პარალელურად, აშშ ახალი ომებისთვის ემზადება. „ნუ ენდობი ვეფხვს, რომელიც ყვავილს ყნოსავს — ის ნახტომისთვის ემზადება“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0