აშშ-მა ტანკერ Marinera-ს ქართველი კაპიტანი დიდი ბრიტანეთიდან გაიყვანა

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიტანკერი
ტანკერი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2026
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, კალანდაძე ამერიკის სანაპირო დაცვის ხომალდ Munro-ზე იმყოფება, თუმცა უცნობია საით მიემართება გემი.
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. აშშ-ის სანაპირო დაცვამ ტანკერ Marinera-ს ქართველი კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე დიდი ბრიტანეთის ტერიტორიიდან გაიყვანა, იუწყება ტელეკომპანია „ TV პირველი“.
2026 წლის 7 იანვარს აშშ-მა ატლანტის ოკეანეში ტანკერი Marinera ვენესუელიდან სანქცირებული ნავთობის გადაზიდვის გამო დააკავა. ეკიპაჟის შემადგენლობაში 28 მეზღვაური, მათ შორის 6 საქართველოს მოქალაქე იყო. ასევე ეკიპაჟის წევრები იყვნენ უკრაინის, რუსეთისა და ინდოეთის მოქალაქეები. აშშ-ის მიერ დაკავებული ხომალდის ეკიპაჟის წევრები ბრიტანეთის საემიგრაციო უწყებამ შოტლანდიის ქალაქ ელგინში განათავსა. ნავთობტანკერი ამ ეტაპზე ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებშია გაჩერებული.
ის, რომ კალანდაძე დიდ ბრიტანეთში აღარ იმყოფებოდა, ამის შესახებ ცნობილი 27 იანვარს შოტლანდიაში გამართულ სასამართლო პროცესზე გახდა. როგორც ქართველი კაპიტნის ცოლმა ნათია ძაძამიამ სასამართლოზე განაცხადა, მისი მეუღლე შოტლანდიისა და დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ უნდა ყოფილიყო დაცული და ის ამერიკაში არ უნდა წაეყვანათ.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კალანდაძე ამერიკის სანაპირო დაცვის ხომალდ Munro-ზე იმყოფება, თუმცა უცნობია საით მიემართება გემი. მასთან ერთად წაიყვანეს კაპიტნის პირველი დამხმარეც. რაც შეეხება ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს, ისინი ბრიტანეთს მალე დატოვებენ.
თავდაპირველად გემი გაიანას დროშის ქვეშ კერძო სავაჭრო კომპანიის მიერ იყო დაქირავებული. აშშ-ის სანაპირო დაცვის გემმა მოითხოვა, რომ Marinera-ს გეზი აშშ-ის პორტისკენ აეღო, რადგან ვაშინგტონს გაიანას ხელისუფლებისგან არ მიუღია დადასტურება, რომ ქვეყანამ გემს თავისი დროშა მიანიჭა.
გემი არ დაემორჩილა მოთხოვნას, კურსი შეიცვალა და ვენესუელის სანაპიროდან ატლანტის ოკეანისკენ გაემართა. კაპიტანმა გზად ტანკერის სახელი შეცვალა და სოჭის პორტის კაპიტანისგან რუსეთის დროშის ქვეშ დროებითი რეგისტრაცია მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0