2025 წელს უკანონო ტყითსარგებლობის 2 ათასამდე ფაქტი გამოვლინდა

CC BY 2.0 / Sterling College / Axeხეტყის ჭრა
ხეტყის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2026
გამოწერა
2025 წელს, წინა წელთან შედარებით, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები დაახლოებით 13%-ით შემცირდა.
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უკანონო ტყითსარგებლობის 1.912 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები დაახლოებით 13%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბოლო 5 წლის სტატისტიკას, 2021 წელთან შედარებით 2025 წელს უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები 50,47%-ითაა შემცირებული.
გამოვლენილი ფაქტებიდან 1.430 ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 482 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია.
სამართალდარღვევებიდან 169 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2025 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით დალუქულია 62 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
უწყების ცნობით, ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება - 2024 წელს უკანონო ტყითსარგებლობის 2,2 ათასი ფაქტი დაფიქსირდა, ქვეყნის მასშტაბით კი 93 უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა.
გასულ წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0