მეუფე შიო: ვეცადოთ ყველანაირად, რომ ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ

© Public Relations Service of the Patriarchate of Georgiaმეუფე შიო
მეუფე შიო - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2026
გამოწერა
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს სიყვარულისა და ღვთის მცნებების დაცვისკენ მოუწოდა.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ვეცადოთ ყველანაირად, რომ ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ ჩვენ, განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მაცხოვრის საკვირაო ქადაგებისას.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია, ჰეროდეს მიერ ბეთლემში მოკლულ 14 ათას ჩვილს იხსენებს, რომლებიც ქრისტესთვის მოწამებრივად აღესრულნენ.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს სიყვარულისა და ღვთის მცნებების დაცვისკენ მოუწოდა.
„წმინდა ანგელოზები გვეხმარებიან ჩვენ, რომ ჩვენს სულში გავხსნათ ყველაზე ძვირფასი და უაღმატებულესი თვისება - სიყვარული. ეს არის სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანის. ეს ის სიყვარულია, რომელიც გვიბიძგებს ჩვენთან მოსული ღმერთის შესახვედრად, რომელიც მოვიდა დედამიწაზე იმისთვის, რომ ყოველი ჩვენგანი გახდეს ისეთი, როგორიც იგი თავდაპირველად გამოვიდა შემოქმედის ხელიდან", - განაცხადა მეუფე შიომ.
წმიდანი ათოთხმეტი ათასნი ჩვილნი მოწამენი მეფე ჰეროდემ ამოხოცა ბეთლემში
როცა უდიდესი მოვლენის - ძე ღვთისას განკაცებისა და ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან მისი შობის ჟამმა მოაწია, აღმოსავლელმა მოგვებმა ცაზე ახალი, ჰურიათა მეუფის შობის მომასწავებელი ვარსკვლავის გამოჩენა შენიშნეს და იერუსალიმში გაემგზავრნენ ახალშობილის თაყვანსაცემად. როდესაც ეს ამბავი ჰეროდემ შეიტყო, შეკრიბა ებრაელთა მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი და გაიგო, რომ ქრისტე უნდა შობილიყო „ბეთლემს ჰურიასტანისასა“. შემდეგ მან მოგვებიც მოიხმო თავისთან. მათაც გამოჰკითხა ყოველივე და შეშინებულმა, გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მოეკლა ახალშობილი. როცა ჰეროდე მიხვდა, რომ განკაცებულ მესიას ვერ იპოვიდა, ბრძანა, მოეკლათ ყველა ყრმა, „რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი“.
უსჯულო იმედოვნებდა, რომ დახოცილ ბავშვებს შორის ის ჩვილიც იქნებოდა, რომელიც თავის მეტოქედ მიაჩნდა. ამ ხოცვა-ჟლეტის ჟამს დაღუპულნი ქრისტეს პირველი მოწამეები გახდნენ. ჰეროდეს რისხვა დაატყდა თავს სვიმეონ ღვთისმიმრქმელსაც, რომელმაც ტაძარში საჯაროდ დაამოწმა მესიის განკაცება. როცა წმიდა მოხუცი გარდაიცვალა, ჰეროდემ არ დაუშვა, რომ იგი ღირსეული პატივით დაეკრძალათ. მეფის ბრძანებით განგმირეს წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარიაც: იგი იერუსალიმის ტაძრის საკურთხეველზე მოკლეს იმისათვის, რომ თავისი ძის, იოანეს ადგილსამყოფელი არ გაამხილა.
ჰეროდეს უსჯულოება დაუსჯელი არ დარჩენილა: ღვთის ნებით, მას საშინელი სენი შეეყარა და მატლებისგან ცოცხლად დაჭმულს აღმოხდა სული.
ყველა ახალი ამბავი
0