ვენეციის კომისია პოლიტიკურ იარაღად იქცა - შალვა პაპუაშვილი

© Courtesy of Shalva Papuashviliშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2026
გამოწერა
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროპის საბჭოს მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადებები აბსურდული, უსაფუძვლო და უსამართლოა.
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. „ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად“ (ვენეციის კომისია) პოლიტიკურ იარაღად იქცა და ეს არაერთხელ გამოვლინდა საქართველოსთან დაკავშირებით, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიიდან აშშ-ის გასვლას.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენეციის კომისიიდან აშშ-ის გასვლის ბრძანებას მოაწერა ხელი. ეს ორგანიზაცია (სრული სახელწოდება - ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად) ევროპის საბჭოს ეგიდით მოქმედებს, მაგრამ ასევე ღიაა არაევროპული სახელმწიფოების წევრობისთვის. აშშ-ს ორგანიზაციაში სრულუფლებიანი წევრის სტატუსი ჰქონდა.
„ვენეციის კომისია იქცა ქვეყნების წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად, რათა თავს მოახვიონ სხვადასხვა ინსტრუმენტი თუ ინსტიტუტი, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარეობს. საქართველოსთან დაკავშირებით ეს არაერთხელ ძალიან ნათლად გამოჩნდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს, აშფოთებს ის ფაქტი, რომ ვენეციის კომისიამ შეიცვალა საკუთარი პროფილი, პროფესიული, სამართლებრივი დასკვნების შედგენის ნაცვლად, ჩვეულებრივ პოლიტიკურ კომენტატორად გადაიქცა.
„პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე დებს სხვადასხვა მოსაზრებას, დასკვნებს. ზუსტად ეს დაადასტურა აშშ-მა, რომელმაც დატოვა ვენეციის კომისია დასაბუთებით, რომ უსარგებლო, ფულის მფლანგველი ორგანიზაციაა. ეს კიდევ ერთხელ აძლიერებს ჩვენს მოსაზრებას, რომ ვენეციის კომისია აცდენილია თავდაპირველ მისიას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ვენეციის კომისიამ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს კანონმდებლობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.
განსაკუთრებულ კრიტიკას კომისიაში იწვევს კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, კანონი „გრანტების შესახებ“, ცვლილებები ადმინისტრაციულ კანონდარღვევათა კოდექსში. კომისიის განცხადებით, ეს კანონები ევროპულ სტანდარტებსა და ნორმებს ეწინააღმდეგება.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროპის საბჭოს მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადებები აბსურდული, უსაფუძვლო და უსამართლოა. მართველი გუნდის თქმით, შენიშვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ მიუღებელია და ასამბლეის კომპეტენციის ფარგლებს აღემატება.
ყველა ახალი ამბავი
0