ყაველაშვილი: გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე

© Courtesy of Mikheil Kavelashvili
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს.
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. მინდა, თითოეულ ჩვენს თანამემამულეს, სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით ჩვენს თანამემამულეებს საზღვარგარეთ და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მივულოცო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში.
ყაველაშვილის თქმით, ქრისტეს შობა არის უდიდესი დღესასწაული ქრისტიანებისთვის.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო მართლმადიდებლურ ეკლესიას, მის უწმინდესობას, ჩვენს პატრიარქს მოვულოცო და მადლიერება გამოვხატო იმისთვის, რომ ჩვენს ერში ასე მტკიცედ და მყარად არის ჩვენი სარწმუნოება. მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქე, ჩვენი თანამემამულე იყოს ბედნიერი. დღევანდელი დღე არის მართლაც უდიდესი დღესასწაული ქრისტიანებისთვის და მინდა, რომ ყველამ გავიხაროთ ამ დღევანდელი დღესასწაულით“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეუძლებელია დღეს საქართველოს წარმოდგენა ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის გარეშე.
„არ არსებობს სხვა ამაზე დიდი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში ვიდრე დღევანდელი დღე – ქრისტეს შობა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მღვდელმთავრები, ჩვენი სასულიერო პირები, ჩვენი უწმინდესი ასე ზრუნავენ და უდიდესია მათი ღვაწლი და ფასი, რომ ჩვენ ერში ასეთი დიდია ქრისტიანული მრწამსი, კიდევ უფრო მეტად უნდა გავიმყაროთ ჩვენ რწმენა, რადგან 1 700 წელს ითვლის, როცა ჩვენი ერი ეზიარა ქრისტიანობას. ყველამ კარგად ვიცით, ჩვენი წინაპრებიდან მოყოლებული თუ რას გადაურჩა და რამდენჯერ გადაურჩა ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამ რწმენამ მოგვიყვანა აქამდე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს გარშემო , ჩვენ ყოველთვის უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესი.
„დღეს, როცა მთელ მსოფლიოში გლობალური გამოწვევებია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ჩვენი ერის გაერთიანებაზე, დღევანდელი დღე სწორედ იმის მომასწავებელია, რომ უფრო მეტი სიყვარული იყოს ჩვენს ერში და უფრო მეტი რწმენის სიყვარული", - განაცხადა პრეზიდენტმა.
საშობაო ღვისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე – მთავრობის და პარლამენტის წევრები.
საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს. შობის, 6-7 იანვრის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა.