სამების ტაძარში საშობაო ღვთისმსახურება მიმდინარეობს
00:37 07.01.2026 (განახლებულია: 00:50 07.01.2026)

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებლები დღეს ერთ–ერთ ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს – ქრისტეშობას აღნიშნავენ.
თბილისი, 7 იანვარი– Sputnik. თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია სრულდება.
საქართველოში, როგორც მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ქრისტეს შობას 7 იანვარს აღნიშნავენ. საზეიმო ღვთისმსახურებას ესწრება ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მორწმუნეებს საშობაო ეპისტოლეთი მიმართა, რომელშიც მოსახლეობას მოუწოდა სიკეთისა და სიყვარულის, ურთიერთდანდობისკენ.
„უფლის მოწყალებით, კვლავ დადგა ყველაზე იდუმალი ჟამი, ჟამი იესო ქრისტეს ამ ქვეყნად მოვლინებისა. ეს ყველაზე დიდი სიახლეა სამყაროს შექმნიდან დღემდე მომხდარ და მომავალშიც მოსახდენ სასწაულთა შორის, რადგან ვერაფერი შეედრება წუთისოფელში დაუსაბამო ღმერთის ხორციელად შობის საოცრებას... გამაოგნებელია, რომ სწორედ უჟამო იგი, ჟამიერი გახდა; ყოვლისმპყრობელი არსთა გამრიგე, მსგავს ჩვენდა ქმნილი, ერთ-ერთი გალაქტიკის უმცირეს ნაწილში, დედამიწაზე, ზამთრის ცივ ღამეს, ბეთლემის ბაგაში მწოლი, წარუდგა სამყაროს. ე. ი. ჩვენ შემოქმედის თანაზიარნი ვართ! მისნი ვართ! დაცემულნი, ცოდვით დამძიმებულნი, მაგრამ მაინც მისნი! ამიტომაც, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენს ჩვენდამი; ჩვენ კი რით ვპასუხობთ ამ სიყვარულსა და ნდობას?!" - ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.
მართლმადიდებლურ შობას 6 იანვარს პირველი ვარსკვლავის გამოჩენიდან ზეიმობენ. ტრადიციისამებრ, დღესასწაულს ოჯახურ წრეში, ახლობლებსა და ნათესავებთან ერთად აღნიშნავენ.
შობის ღამეს მორწმუნეები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რითაც, სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ოჯახში იწვევენ.