პარლამენტის თავმჯდომარემ „ალილოს“ მონაწილეებსა და ქვეყნის მოსახლეობას შობა მიულოცა

© photo: Sputnikსაშობაო „ალილო"
საშობაო „ალილო - Sputnik საქართველო, 1920, 07.01.2026
გამოწერა
„ალილოს" მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.
თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებთან ერთად „ალილოს" საზეიმო მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა და შობა-ახალი წელი მიულოცა.
თბილისში ყოველწლიური ტრადიციული მსვლელობა „ალილო“ გაიმართა. მსვლელობა, ტრადიციულად, რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების ტაძართან დასრულდა, სადაც საშობაო წირვა აღევლინა. თბილისელები მსვლელობის მონაწილეებს გადასცემენ საჩუქრებსა და შემოწირულობებს, რომლებიც შემდეგ დღეებში გაჭირვებულებს, ობოლ ბავშვებს და მოხუცებულთა სახლის ბინადრებს დაურიგდება.
პაპუაშვილმა მართლმადიდებლებს შობის დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული უსურვა.

„უპირველეს ყოვლისა, სრულიად საქართველოს ვულოცავ შობის დღესასწაულს. სიყვარული, სიკეთე ყოფილიყოს თითოეული ადამიანის გულში, თითოეულ ოჯახში და ჩვენს ქვეყანაში. გუშინ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა იმაზე, რაც ჩვენი საზოგადოების ცხოვრებას ამძიმებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ საკუთარ გულში ჩავიხედოთ და ის სიკეთე, რომელიც დღევანდელი დღით არის განსაზღვრული, სრულად შევიგრძნოთ და ჩვენს გულში ქრისტე დაიბადოს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს მართლმადიდებლები დღეს ერთ–ერთ ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს – ქრისტეშობას აღნიშნავენ. ყველა ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში ღამე საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინა.
„ალილოობა"
შობის ღამის დადგომამდე საქართველოს ყველა ტაძარში საზეიმო წირვა–ლოცვა აღევლინება, რომელიც დილამდე გრძელდება.
გამთენიისას კი, საშობაო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში ალილოობა, ანუ ყრმა იესოს დაბადების აღსანიშნავი მსვლელობა იწყება. სახელწოდება „ალილო“ ებრაული სახოტბო სიტყვიდან, „ალილუიადან“ მომდინარეობს.
„ალილოობა" საქართველოში უხსოვარი დროიდან აღინიშნება, თუმცა საბჭოთა პერიოდში ამ დღესასწაულს, ისევე როგორც სხვა რელიგიურ დღესასწაულებს, ათეისტური ხელისუფლება კრძალავდა. „ალილოს" ტრადიცია დაახლოებით ოცი წლის წინ პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით აღდგა.
„ალილოზე" გამოსული მამაკაცები და ბავშვები, რომელთაც წინ მახარობელი მიუძღოდათ, წარსულში კარდაკარ დადიოდნენ, თითქმის ყველა სახლთან ჩერდებოდნენ და სიმღერით ულოცავდნენ შობას მასპინძლებს. დიასახლისები კი მათ სახლის ზღურბლზე ხვდებოდნენ ხილით, ტკბილეულითა და სხვადასხვა სანოვაგით ხელდამშვენებულები, რომელსაც მერე მათვე ჩუქნიდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0