ილია მეორე: უნდა წარიხოცოს მწუხარება, დაცხრეს შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი
01:05 07.01.2026 (განახლებულია: 01:06 07.01.2026)

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა მოუწოდა მორწმუნეებს, განამტკიცონ თავიანთი რწმენა და არ დაივიწყონ, რომ ღმერთს ესმის მათი ლოცვა და მონანიება.
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე თავის საშობაო გზავნილში მწვავე თემებს შეეხო და აღნიშნა, რომ დღეს კაცობრიობას სირთულეებთან გამკლავებაში მხოლოდ რწმენა დაეხმარება.
საქართველოს მართლმადიდებლები დღეს ერთ–ერთ ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს – ქრისტეშობას აღნიშნავენ. ყველა ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში ღამე საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართა.
„დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, უნდა დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვარძლი და ღვთისადმი სიყვარულით აღძრული ჩვენი გონება, სული და გული ანთებული სანთლით სულიერად უნდა წარემართოს წმინდა მიწისკენ, რათა ანგელოზთა გუნდს შევუერთოთ ჩვენი ხმაც და სიხარულით აღმოვთქვათ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“, - ნათქვამია ეპისტოლეში.
როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ამ იდუმალ ღამეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, შევევედროთ უფალს მშვიდობა და საქართველოს გაბრწყინება.
„ამ იდუმალ ღამეს განსაკუთრებულად გევედრები, ჩვენი ხსნისათვის განკაცებულო, ბეთლემს შობილო ყრმაო, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, ზეციურნო ძალნო, ყოველნო წმინდანო ღვთისანო, დაგვლოცეთ და დალოცეთ სრულიად საქართველო, მკვიდრნი მას შინა, სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამემამულენი; მშვიდობა მომადლეთ მსოფლიოს, განგვაშორეთ სიმძიმე ჩვენი დაცემული ბუნებისა, ერთობითა და ჭეშმარიტი სიყვარულის ნიჭით გვაკურთხეთ და ღვთის თანაზიარნი გვყავით ყოველნი“, – ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.
პატრიარქმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მორწმუნისთვის მნიშვნელოვანია ცოდვების მონანიება, ღმერთთან კავშირის აღდგენა ყოვლადწმინდა სამების სახელით ნათლობით, აღსარებითა და ზიარებით.
კათოლიკოს–პატრიარქმა მოუწოდა მრევლს, განამტკიცონ რწმენა და მუდამ ახსოვდეთ, რომ უფალს ესმის მათი ლოცვა და მონანიება.