ილია მეორე: სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 07.01.2026
გამოწერა
როგორც პატრიარქი ბრძანებს, „უფალს შენთვის ისეთი ჯვარი არ მოუცია, რომლის ტარებასაც ვერ შეძლებ"
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ სვლას, ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.
საქართველოს მართლმადიდებლები დღეს ერთ–ერთ ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს – ქრისტეშობას აღნიშნავენ. ყველა ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში ღამე საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართა. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ღამისთევის მსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა. წირვის დაწყებამდე ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.
როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, დღეს სიყვარულზეც და თავისუფლებაზეც ყველა ლაპარაკობს, მაგრამ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ცოდვის და ცოდვითი ცხოვრების სიყვარულს ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებენ და ისინიც, ვინც ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენ.
„სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ ღირსეულ სვლას, დათმენასა და პატიებას; ვინც ნებისმიერ ადამიანში, ცოდვათა სიმძიმის მიუხედავად, მაინც დაინახავს ხატებას ღვთისას და ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხებს“, - ნათქვამია ეპისტოლეში.
პატრიარქი ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ „გიყვარდეთ ერთმანეთი!" - ეს ერთადერთი, მაგრამ, სინამდვილეში, მრავლისმომცველი მოთხოვნა მოგვეცა უფლისგან შესასრულებლად.
„შენ ნუ შეგეშინდება სახარებისეული უფლის მცნებების, მოციქულთა და წმ. მამათა დარიგებების მიხედვით შენი ცხოვრების განახლებისა; წინ აღუდექი იმ უკეთურ სურვილებსა და მიდრეკილებებს, რაც ღვთის მიერ დადგენილი წესების მტრად გაქცევს, რაც შენს რწმენას აზიანებს, რყვნის და მას უნაყოფოსა და უსარგებლოს ხდის. უფალს შენთვის ისეთი ჯვარი არ მოუცია, რომლის ტარებასაც ვერ შეძლებ. მაშ, მოინდომე და იცხოვრე არა მოჩვენებითი, არამედ ჭეშმარიტი სიყვარულის კანონებით, რათა განიღმრთო და მარადიულობაში იხარო“, - ნათქვამია ეპისტოლეში.
კათოლიკოს–პატრიარქმა მოუწოდა მრევლს, განამტკიცონ რწმენა და მუდამ ახსოვდეთ, რომ უფალს ესმის მათი ლოცვა და მონანიება.
ყველა ახალი ამბავი
0