საქართველოში კიდევ ერთი ახალი დაცული ტერიტორია იქნება

© photo: Sputnik / Stringerმდინარე რიონი
მდინარე რიონი - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2026
გამოწერა
რიონის აღკვეთილის ფართობი 558 ჰექტარს შეადგენს. დაცული ტერიტორია მდინარე რიონის იმ მონაკვეთს მოიცავს, სადაც ზუთხისებრთა ქვირითობა ხდება.
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. სამტრედიის მუნიციპალიტეტში ახალი დაცული ტერიტორია - რიონის აღკვეთილი შეიქმნება, იუწყება ქართული მედია.
ამასთან, დაგეგმილია კოლხეთის ეროვნული პარკის ზღვის აკვატორიაში გემების მოძრაობის საკითხის ახლებურად დარეგულირება.
ამ მიმართულებით მთავრობამ ცვლილებები “კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში მოამზადა, რომელიც პარლამენტს განსახილველად დეკემბერში წარედგინა.
პროექტის თანახმად, სამტრედიის მუნიციპალიტეტში რიონის აღკვეთილი შეიქმნება, რომლის ფართობი 558 ჰექტარს შეადგენს - აღკვეთილის ტერიტორია მდინარე რიონის იმ მონაკვეთს მოიცავს, სადაც ზუთხისებრთა ქვირითობა ხდება. შესაბამისად, რიონის აღკვეთილის შექმნა ზუთხისებრთა პოპულაციის დაცვის და აღდგენის შესაძლებლობას გაზრდის.
კანონპროექტის მიხედვით, კოლხეთის ეროვნული პარკის საქართველოს ტერიტორიული ზღვის აკვატორიაში კვლევების ჩატარების მიზნით დაშვებული იქნება თხევად საწვავზე მომუშავე წყალმცურავი საშუალებებით გადაადგილება. ასევე, შესაძლებელი იქნება 500 ტონამდე ტვირთამწეობის თევზსაჭერი წყალმცურავი საშუალების გადაადგილება - არანაკლებ 4 კვანძი და არაუმეტეს 9 კვანძი სიჩქარით, კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით.
კოლხეთის ეროვნული პარკი ერთ-ერთი პირველი დაცული ტერიტორიაა საქართველოში, რომელსაც იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.
პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროსა და კოლხეთის დაბლობს შორის. ის მოიცავს დაახლოებით 29 ათას ჰექტარს, მათ შორის რელიქტურ ჭაობებს, პალიასტომის ტბას და მდინარე ფიჩორის დელტას. ეს არის უნიკალური ეკოსისტემა, სადაც უძველესი კოლხეთის დროინდელი სახეობები ბინადრობს: 190-ზე მეტი სახეობის ფრინველი, იშვიათი ამფიბიები და მცენარეები, ხოლო თავად ტერიტორია სუბტროპიკული ბუნების ცოცხალ მუზეუმად ითვლება.
საქართველოს დაცული ტერიტორიების ისტორია 1912 წლიდან იწყება. საქართველოში პირველი დაცული ტერიტორია ლაგოდეხის ნაკრძალი იყო, რომლის ფართობი მხოლოდ 3 500 ჰა-ს შეადგენდა.
დღეს საქართველოში 100 დაცული ტერიტორიაა, საერთო ფართობით 929 996 ჰა-მდე, რაც ქვეყნის ტერიტორიის 13.34%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0