მხოლოდ წინ! – რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას 2026 წელს

© Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2026
გამოწერა
ხუთი წელი საკმარისი ვადაა, რათა დარწმუნდე, რომ საქართველოს ეკონომიკა „კერკეტი კაკალი" გახდა.
2021 წელს, კოვიდპანდემიით გამოწვეული ვარდნის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, გრძელდება მშპ-ის სტაბილური ზრდა, რასაც ადასტურებს როგორც ოფიციალური სტატისტიკა, ისე არაერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის შეფასებები. მათი პროგნოზებით, დადებითი ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდება.
2019-2024 წლებში მშპ-ის ზრდა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები:
მთავრობის ვარაუდით, 2025 წელს ეკონომიკის ზრდა 7,3%-ს შეადგენს.
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია 2025 წლის 10 დეკემბერს წარუდგინა. ძირითად პარამეტრებზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ 2026 წლის პირველადი პროგნოზები შენარჩუნებულია.
მისი თქმით, რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ის დონეზეა მოსალოდნელი, საშუალოვადიან პერსპექტივაში კი 5,3%-ით. 2026 წლისთვის ინფლაციის საშუალო პროგნოზირებული მაჩვენებელი 3,3%-ია და საშუალოვადიან პერსპექტივაში ის მიზნობრივ მაჩვენებლის (3%) ფარგლებშია.
ამასთან, მთავრობა დარწმუნებულია, რომ 2025-დან 2030 წლამდე პერიოდში საქართველო ეკონომიკური ზრდის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იქნება.
„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არის თანმიმდევრული, პროგნოზირებადი და შედეგზე ორიენტირებული. აღნიშნულ შეფასებებს აკეთებს არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და სარეიტინგო კომპანია, რომლებიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არის სწორი, ყველა ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრი არის ჯანსაღი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ დივერსიფიცირებულია, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სხვადასხვა სექტორებს, მათ შორის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია, ისევე როგორც ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორი.
ევროკომისიის პროგნოზი
ევროკომისიის ანგარიშის „ევროპის ეკონომიკური პროგნოზის“ თანახმად, მოსალოდნელია, რომ 2025 წელსაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძლიერი დარჩება და 7,3%-ს შეადგენს, 2026-2027 წლებში კი 5-5,5%-მდე შენელდება.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო პროგნოზი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პროგნოზს 1,7-ჯერ აღემატება.
მისი თქმით, 2025 წლისთვის ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 1,4%-ია, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 7,3%-ს შეადგენს. ეს ტენდენცია მომდევნო წლებში გაგრძელდება და 2025-2027 წლებში საქართველოს ეკონომიკა, საშუალოდ, 5,9%-ით, კანდიდატი ქვეყნების – 3,4%ით, ხოლო ევროკავშირის ეკონომიკა - 1,4%-ით გაიზრდება.
„ევროკომისიამ 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,3 პროცენტამდე გაზარდა, რაც 1,3 პროცენტული პუნქტით აღემატება მის მიერ გაზაფხულზე გამოქვეყნებულ პროგნოზს. ამასთან, აღნიშნული ზრდის მაჩვენებელი სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია", - აღნიშნა ცინცაძემ.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული და რომლის საბოლოო მიზანი საქართველოს თითოეული მოქალაქის შემოსავლების ზრდაა.
ამასთან, საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, 2026 წელს რეალური მშპ-ის ზრდა 6%, ინფლაცია - 3%, რეფინანსირების განაკვეთი - 7,5%, ტურიზმიდან შემოსავალი - 4,9 მლრდ დოლარი, ფულადი გზავნილები 3,8 მლრდ დოლარი იქნება, ლარის გაცვლითი კურსი კი დოლართან მიმართებით სტაბილური დარჩება - დაახლოებით 2,7-ზე ევროსთან მიმართებით - 3,13.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით 5,3%-იან ზრდას ელის, ხოლო აზიის განვითარების ბანკი (ADB) დაახლოებით 5%-იან ზრდას პროგნოზირებს.
„2025 წლის ბოლოსთვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება და მდგრადი იქნება. მართალია, ვერ დაგპირდებით, რომ მაჩვენებელი 2025 წლის ნიშნულზე მაღალი იქნება, მაგრამ მაინც უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე გადავლახეთ მაღალი ინფლაციის ქედი და ინფლაციის მაჩვენებელი 2026 წელს სამიზნე დონეს მიუახლოვდება“, - განაცხადა ეკონომიკურმა ექსპერტმა სოსო არჩვაძემ.
ექსპერტმა დასძინა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები 2026 წელსაც განვითარდება.
„იზრდება ორმხრივი ვაჭრობა, საქართველოს ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია რუსეთიდან შემოსულ გარკვეულ პროდუქტებზე. ამ მხრივ მჭიდრო ეკონომიკური კავშირები შენარჩუნებულია. საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა იზრდება. ეკონომიკური ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება და ეს აღმავალი ტენდენცია 2026 წელშიც გაგრძელდება და განვითარდება“, - აღნიშნა არჩვაძემ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის, მეზობელი ქვეყნის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 2025 წლის 11 თვეში 10,3% შეადგინა. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარ-ნოემბერში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,4%-ით გაიზარდა და 2,4 მლრდ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია 2026 წელს მშპ-ის ზრდას ელის, თუმცა გარკვეული დათქმით.
მისი თქმით, თუ 2026 წლის პირველ ნახევარში დაიწყება ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია და ახალი მშენებლობები, მათ შორის არაბული ინვესტიციებისთვის დაგეგმილი პროექტი, საქართველოს მშპ 2026 წელს მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„თუმცა, ამ ეტაპზე კითხვა რჩება, თუ როგორ განხორციელდება ეს, ვინ დასაქმდება, იმოქმედებს თუ არა ეს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაზე და ა.შ.“, - განაცხადა შენგელიამ.
მთავარი რისკები
ზოგადად, პროგნოზები - უმადური საქმეა. და რაც არ უნდა ვარდისფერი იყოს მომავალი, გარე ფაქტორებს შეუძლიათ სურათის მკვეთრად და მოულოდნელად შეცვლა.
საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარების გაგრძელებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს გეოპოლიტიკური სიტუაცია, რადგანაც მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ექსპორტზე, ტურიზმსა და ინვესტიციების შემოდინებაზე.
სტაბილურ ზრდას ასევე საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობები.
საბოლოო ჯამში, 2026 წელი საქართველოსთვის, ბოლო წლებში დაჩქარებული ზრდის პერიოდის შემდეგ, შეიძლება ზომიერი ზრდის წელი იყოს. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გაგრძელება, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი და არაბული კაპიტალით მასშტაბური უძრავი ქონების პროექტების დაწყება, მხოლოდ დააჩქარებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
ამ ინიციატივების კომბინირებული ეფექტი არა მხოლოდ პირდაპირ უწყობს ხელს მშპ-ის ზრდას, არამედ აძლიერებს საქართველოს სატრანზიტო, ენერგეტიკულ და საინვესტიციო პოტენციალს. შედეგად, საქართველო ინარჩუნებს შესაძლებლობას, გააძლიეროს თავისი პოზიციები როგორც რეგიონული ეკონომიკურმა ჰაბმა და გაზარდოს მიმზიდველობა უცხოელი ინვესტორებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0