რამდენი ელექტროენერგია მოიხმარეს საქართველოში - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2026
გამოწერა
სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. საქართველოში 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ელექტროენერგიის მოხმარება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,1%-ით გაიზარდა და 13,4 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.
მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოში გამომუშავებულია 12,7 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია - 4,4%-ით ნაკლები 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
„საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 10,4 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია 2,2 მლრდ კვტ/სთ, „ქართლის" ქარის სადგურმა კი 73,69 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა", - ნათქვამია განცხადებაში.
ოპერატორის ცნობით, ექსპორტი შემცირდა 51,2%-ით გასული წლის 11 თვესთან შედარებით და 511,14 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა. ამ პერიოდში საქართველომ ელექტროენერგია გაიტანა მეზობელ რუსეთში - 7,18 კვტ/სთ, აზერბაიჯანში - 50,14 მლნ კვტ/სთ, სომხეთში - 52,41 მლნ კვტ/სთ და 401,41 კვტ/სთ თურქეთში.
გარდა ამისა, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 1,3 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა, რაც 34,8%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
იმპორტის 63,5% რუსეთზე მოდის. მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 800,33 მლნ კვტ/სთ, 29,6% - აზერბაიჯანიდან, საიდანაც შემოვიდა 372,90 მლნ კვტ/სთ და 6,9% სომხეთიდან - 87,19 მლნ კვტ/სთ.
2025 წლის იანვარ-ნოემბერში თურქეთთან ელექტროენერგიით ვაჭრობა არ ყოფილა.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 14,4 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 5,1%-ით ნაკლები იყო. გამომუშავებულია 14,2 მლრდ კვტ/სთ - 2023 წელთან შედარებით 1,1%-ით ნაკლები.
ყველა ახალი ამბავი
0