საქართველო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მილიარდებს დახარჯავს

© photo: Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaრიკოთი
რიკოთი - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2026
გამოწერა
2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილის-ბათუმის მარშრუტზე მგზავრობის დრო 30 წუთით შემცირდება.
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საქართველო 2032 წლამდე პერიოდში სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 7 მილიარდ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ქვეყნის ტრანზიტული როლის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე. როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 2012 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში საქართველოში 315 კილომეტრი სიგრძის ახალი გზა აშენდა. მსხვილ პროექტებს შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი.
„ჩვენს ქვეყანას ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორში განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ჩვენი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, 2032 წლამდე სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში 7 მილიარდი ლარი ჩაიდება, საიდანაც 1 მილიარდი ლარი რკინიგზის შემდგომ განვითარებას მოხმარდება“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
ძირითადი სარკინიგზო მაგისტრალის „თბილისი–მახინჯაურის" მოდერნიზაციის პროექტი 2012 წელს დაიწყო. ის ითვალისწინებს ახალი 38-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას და რიკოთის უღელტეხილზე არსებული 23-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას.
როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, სალოკომოტივო პარკის განახლება და მოძრავი შემადგენლობის გაფართოება 2026 წლიდან დაიწყება. გარდა ამისა, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს რკინიგზის ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციის, არსებული ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრისა და მომსახურების დიგიტალიზაციის მიმართულებით.
„შედეგად, 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის, ჩვენ 30 წუთით შევამცირებთ მგზავრობის დროს თბილისი-ბათუმის მარშრუტზე. 2026 წელს აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადავიყვანთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და ასევე დავასრულებთ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ინტერესები დღეს, მშვიდობიანი პოლიტიკის გაგრძელებასთან ერთად, მოიცავს ეკონომიკურ მაჩვენებლებს, უსაფრთხოებას, მდგრად განვითარებასა და სტაბილურობას. მისი თქმით, ყველა ახალი ინიციატივა ან პროექტი მიზნად ისახავს უკეთესი, უფრო განვითარებული, აყვავებული, მშვიდობიანი და გაერთიანებული ქვეყნის შექმნას.
ყველა ახალი ამბავი
0