ნაყოფიერი წელი იყო - ნათია თურნავამ წლის შედეგები შეაჯამა

© National Bank of Georgia
გამოწერა
2025 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა დანერგა მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა, რომელმაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახადა და რისკების მართვა შესაძლო მაკროეკონომიკური სცენარების სისტემურ ანალიზს დაუკავშირა
თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. გასული 2025 წელი ნაყოფიერი და წარმატებული იყო, გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი მიღწევებით, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.
„თუ გადავხედავთ განვლილ წელიწადს გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მოქმედი ჩარჩოს პირობებში ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯები პოლიტიკის გამკაცრებისა და ნორმალიზების მიმართულებით, უზრუნველყოფდა ქვეყანაში ფასების არსებით სტაბილურობას და ინფლაციის მაჩვენებლის წლის ბოლოსთვის ნორმალიზების ტენდენციას ჩვენი პროგნოზების შესაბამისად“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, იმის გამო, რომ ბოლო წლებში გაურკვევლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და პროგნოზიდან გადახრის რისკები მაღალი იყო, 2025 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა დანერგა მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა, რომელმაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახადა და რისკების მართვა შესაძლო მაკროეკონომიკური სცენარების სისტემურ ანალიზს დაუკავშირა.
როგორც თურნავამ აღნიშნა, საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართ ინვესტორთა ნდობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია
„სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, 2025 წლის დასაწყისიდან ეროვნული ბანკი აქტიურად ახორციელებს რეზერვების შევსებას. წელს პირველად საქართველოს ისტორიაში საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს“, - განაცხადა თურნავამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ გავლენიანმა სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა - სტაბილურამდე გააუმჯობესა.
ეროვნული ბანკი მიმდინარე წელსაც აქტიურად აგრძელებდა ლარიზაციის ღონისძიებებს, რომლის შედეგიც სახეზეა, აღნიშნა მან.
„მთლიანი სესხების პორტფელის 58,2% ლარშია დენომინირებული. ფიზიკური პირების სესხების 77.1% ეროვნული ვალუტით არის გაცემული. ფასების სტაბილურობის შენარჩუნებით ლარის მიმართ ნდობა იზრდება, რაზეც საბანკო სექტორის დეპოზიტების ლარიზაციის ტენდენციაც მიუთითებს. მთლიანი დეპოზიტების 52,1% სწორედ ეროვნული ვალუტაშია დენომინირებული“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2025 წელი გლობალური გაურკვევლობითაც ხასიათდებოდა.
„სწრაფად ცვალებად გლობალურ სივრცეში მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პოლიტიკის გატარებისას შეგვერჩია ისეთი ოპტიმალური გადაწყვეტა, რომელიც თავიდან აგვარიდებდა მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგებს და იმავდროულად მოგვცემდა შესაძლებლობას ეფექტიანად გვეზრუნა ქვეყნის ეკონომიკის და ფინანსური სექტორის სტაბილურ, გრძელვადიან განვითარებაზე“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, 2025 წელს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად საბანკო სექტორი მდგრადია, ხასიათდება მაღალი კაპიტალიზაციით და აქტივების მაღალი ხარისხით, ხოლო დაკრედიტება ჯანსაღია.
ნათია თურნავამ ასევე სიახლეებზე ისაუბრა.
„საგადახადო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით კი, ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ანგარიშსწორების ანგარიშებს უხსნის. ამასთან, ღია ბანკინგში ჩართულ არასაბანკო ინსტიტუტებს ეძლევათ უფრო მეტი შესაძლებლობა, კონკურენცია გაუწიონ კომერციულ ბანკებს, დანერგონ ინოვაციური გადახდის სერვისები და მოხმარებელს შესთავაზონ უფრო სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი მომსახურება“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, 2025 წელს აქტიური ნაბიჯები გადაიდგა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისა და მისი გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებით.
„განხორციელდა საზედამხედველო და რეგულატორული ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავდა ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფას, ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და ფინანსური სისტემის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, 2025 წელი კორპორაციული ობლიგაციების ემისიების მხრივ მნიშვნელოვანი აქტიურობით გამოირჩეოდა.
„აღსანიშნავია, რომ წელს გამოშვებული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების მოცულობამ 1,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად განვითარდა საინვესტიციო ფონდების ბაზარიც“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, 2025 წელი გამორჩეული იყო საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხითაც.
„მიმდინარე წელს ეროვნული ბანკი წარმატებით გადავიდა SWIFT-ის ISO 20022 გლობალურ სტანდარტზე, რომელიც უზრუნველყოფს ქართული საბანკო სისტემის სრულ ინტეგრაციას საერთაშორისო ფინანსურ ნაკადებში. ამასთან ერთად, ხელს შეუწყობს ინოვაციების წახალისებას და ქვეყნის საგადახდო ინფრასტრუქტურის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, 2026 წელს დაიწყება დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) განახლება და მყისიერი გადახდების სიტემის (IPS) დანერგვა.