ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოს 35 ქვეყანაში მარკეტინგული აქტივობები გამართა

© photo: Sputnik / Stringerგამოფენა
გამოფენა - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2025
გამოწერა
კამპანიები შედგა ევროპაში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. 2025 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოს 35 ქვეყანაში მარკეტინგული აქტივობები გამართა, რომელიც მოიცავდა ტრადიციულ და ახალ ტურისტულ ბაზრებს, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, კამპანიები შედგა ევროპაში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციისა და ტურისტული ნაკადების, მათ შორის მაღალმხარჯველი სეგმენტის მოზიდვის მიზნით, საერთაშორისო მედიაში სატელევიზიო სიუჟეტები მომზადდა, სოციალურ ქსელებში ვიდეორგოლები განთავსდა, მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებში, ცენტრალურ გამზირებსა და მოედნებზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში საქართველოს შესახებ ბანერები დამონტაჟდა.
კამპანიის ფარგლებში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები მომზადდა ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა: The Independent, Travel + Luxury Magazine, The London Standard, SAVEUR, The Spectator, Forbes, Food & Wine, Decanter, Mail, Guardian, The Observer, Frankfurter Allgemeine, The National UAE, ხოლო სატელევიზიო სიუჟეტები გავიდა არხებზე EBS Korea, MBC1, RTVE, TRT, Rai1.
გარდა ამისა, ადმინისტრაციამ 2025 წელს 70 მედია და 12 გაცნობითი ტური გამართა, რომლის მიზანი საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდა და სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა იყო - წელს უწყებამ 350 უცხოელ ჟურნალისტს, ბლოგერს, ინფლუენსერს, ფოტოგრაფსა და 158 ტუროპერატორს უმასპინძლა.
საინფორმაციო და მედია-ტურების პარალელურად ქართული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ათამდე B2B შეხვედრა, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ურთიერთობები დაამყარეს და შეთანხმებები გააფორმეს მომავალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის მიზნით.
ამასთან, მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 15 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ მადრიდის, ბერლინის, ლონდონის, პარიზის, შანხაის, დუბაის და მსოფლიოს სხვა მასშტაბურ ტურისტულ გამოფენებზე. 2026 წელს კი საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
საქართველო წელს წარდგენილი იყო National Geographic Traveller Food Festival 2025-ზე ლონდონში. კამპანიის ფარგლებში National Geographic-მა საქართველოს შესახებ ონლაინ ბანერები განათავსა, მომზადდა სტატიები ფიცრულ მედიაში.
წელს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქართველ შეფ-მზარეულებთან ერთად მონაწილეობდა საერთაშორისო გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2025, სადაც საქართველოს გასტრო ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.
გარდა ამისა, წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ავიაკომპანიებთან: British Airways, EasyJet, Austrian Airlines, Edelweiss თანამშრომლობა დაიწყო, რაც მოიცავდა მედია ტურებს, პრეზენტაციებს, საქართველოს შესახებ ბეჭდურ, ონლაინ მედიაში, ასევე საბორტო ჟურნალებში სტატიების განთავსებას.
ყველა ახალი ამბავი
0