სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაციის შენობა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2025
გამოწერა
პრემიერი მიიჩნევს, რომ სასურსათო მაღაზიებში მაღალი ფასნამატი, შესაძლოა, კარტელური გარიგების არსებობაზე მიუთითებდეს.
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შესაბამისი განკარგულება გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. როგორც მთავრობის აპარატის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, კომისიის შემადგენლობაში შევლენ შესაბამისი მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაციისა და კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლები.

„პრემიერ-მინისტრმა ძალიან ვრცლად ისაუბრა სასურსათო პროდუქციის ფასნამატებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ საკითხს ესაჭიროება უფრო სიღრმისეული შესწავლა, ვინაიდან ხშირად ფასნამატები არ ექვემდებარება არანაირ ლოგიკას და შესაბამისად, ეს აისახება მომხმარებელზე. სამთავრობო კომისია ამ პროცესის უკეთესი კოორდინაციისთვის შეიქმნა“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა სურსათის ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და, შესაძლოა, კარტელური გარიგებების ნიშნები არსებობდეს. თებერვალში ფასების ზრდას დროებითი საპარლამენტო კომისია და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეისწავლიან. ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, განიხილონ სურსათის ფასების საკითხები.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად.
საქართველოში წლიური ინფლაცია (2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდისთვის) 5,2% იყო, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3% არის. ფასების ყველაზე დიდი ზრდა, 11,7%-ით, საკვებსა და გამაგრილებელ სასმელებზე დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0