ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

© photo: Sputnik / StringerТбилисский городской суд
Тбилисский городской суд - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2025
გამოწერა
პროკურატურის ინფორმაციით, ფარცხალაძემ საქართველო 2025 წლის ივნისში დატოვა და არსებული ინფორმაციით ის რუსეთში იმყოფება.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ყოფილ გენპროკურორ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა ბრალდებული ფარცხალაძე - პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილმა გენპროკურორმა საქართველო 2025 წლის ივნისში დატოვა და არსებული ინფორმაციით ის რუსეთში იმყოფება.
პროცესზე პროკურატურა ფარცხალაძისთვის პატიმრობის შეფარდებას, ადვოკატი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, საქმეში ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს.
29 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილად გამოაცხადა. შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზატორად უწყებამ ყოფილი გენპროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაასახელა. მას ბრალდება სსკ-ის 25/109-ე მუხლის "ნ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც დარახველიძემ განაცხადა, დადგენილია, თუ ვინ ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ყოფილი გენპროკურორის დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები დაუკავშირდნენ თავიანთ მეგობარსა და ნდობით აღჭურვილ პირს, გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის გეგმის მომზადება დაევალა. დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად, ჯოხაძემ გელა უძილაური მოძებნა, რომელსაც ბიზნესმენის მკვლელობა დაევალა. დანაშაულის უშუალო შემსრულებელი გელა უძილაური მკვლელობის ჩადენიდან მალევე დააკავეს. მის მიმართ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბიზნესმენის მკვლელობის საქმეზე ასევე დაკავებული არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, ხოლო დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. ასევე დაკავებულია მათი ყოფილი მეგობარი, სანდრო წივწივაძე, რომლის სახელზეც იყო რეგისტრირებული ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი. მითითებული ბრალდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
პროკურატურის წარმომადგენლებმა ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორებს შორის ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე პირველად 2025 წლის სექტემბერში დაასახელეს.
„კანონიერი ქურდის" მერაბ ჯანგველაძის (მერაბ სუხუმსკი) ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძის მკვლელობა 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. მიღებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მძღოლი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პროკურატურამ ხუთ პირს, მათგან ორს დაუსწრებლად, წარუდგინა ბრალდება ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, დანაშაულის დაფარვის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე.
ყველა ახალი ამბავი
0