აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი და ჯეიჰუნ ბაირამოვი
მაკა ბოჭორიშვილი და ჯეიჰუნ ბაირამოვი - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2025
გამოწერა
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების სომხეთში ტრანსპორტირების საკითხის სწრაფი გადაწყვეტისთვის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოჭორიშვილსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეაჯამეს განვლილი წელი და განიხილეს ქვეყნებს შორის მიმდინარე სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
„მხარეებმა განიხილეს რეგიონში ვაჭრობისა და კომუნიკაციის საკითხები და მიესალმნენ ამ მიმართულებით გაწეულ ძალისხმევას. კმაყოფილებით აღნიშნეს აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების საქართველოს გავლით სომხეთში ექსპორტის ტარიფებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას. მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელმძღვანელობას საკითხის დროულად გადაწყვეტისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დადებითი დინამიკა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით მიღწეულ პროგრესს.
რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის მნიშვნელობას და საქართველოს მზაობას, თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. 2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 5,6%-ით გაიზარდა და 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0