ოპოზიციონერი: ზურაბიშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს

© Facebook / Tamar Kekenadzeთამარ კეკენაძე
თამარ კეკენაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2025
გამოწერა
2025 წლის 4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა თამარ კეკენაძემ.
2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში მიმდინარე წლის 25 დეკემბერს თავდაცვის ექს-მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავეს, მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
„უპირველესად, ვსაუბრობ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, ასევე ვსაუბრობ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე იმ ინდივიდებისთვის, რომლებიც ე.წ. სეირის მაყურებლების როლში იყვნენ 4 ოქტომბერს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს", - განაცხადა კეკენაძემ.
მისი თქმით, უცნობია, იყო თუ არა ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორი, თუმცა ყველამ, გამონაკლისის გარეშე, პასუხი უნდა აგოს.
„ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვინც რაიმე ფორმით ხელი შეუწყო 4 ოქტომბრის ე.წ დამხობის პროვოკაციას, უპირველესად „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პარტიები თუ ინდივიდები, პასუხი აგოს", - განაცხადა ოპოზიციონერმა.
როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული პროვოკაციის შედეგად მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტი დისკრედიტებული იქნა.
„ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმუშავოთ ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტის იდეის გადასარჩენად“, - განაცხადა კეკენაძემ.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0