სამხრეთ კავკასია არ უნდა იქცეს ევროატლანტისტების სამფლობელოდ - ზახაროვა

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2025
გამოწერა
ნამდვილი პატრიოტები არ არიან დაკავებული პროვოკაციული, დემაგოგიური პატრიოტიზმით, არამედ მოქმედებენ თავიანთი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნა ზახაროვამ
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. ნატოს მიზნები საქართველოსთან დაკავშირებით ნათელია და სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება რუსეთი სამხრეთ კავკასიის ევროატლანტიკურ სამფლობელოდ გადაქცევას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ, Sputnik Georgia-ს მიერ საქართველოს შესაძლო ნეიტრალური სტატუსის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას.
„ნატოს მიზნები საქართველოსთან დაკავშირებით აშკარაა: ჩაითრიოს მის სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშებში და წააქეზოს ახალი ავანტიურებისკენ. სწორედ ამიტომ ვეწინააღმდეგებით სამხრეთ კავკასიის ევროატლანტიკურ სამფლობელოდ გადაქცევას და იქ ნატოს ძალებისა და აქტივების განლაგებას. სხვათა შორის, ჩვენი პოზიცია მხარდაჭერას პოულობს რეგიონის ქვეყნების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში, რომლებიც თავიანთი ქვეყნების ნამდვილი პატრიოტები არიან“, - თქვა ზახაროვამ.
მისი თქმით, ნამდვილი პატრიოტები არ არიან დაკავებული პროვოკაციული, დემაგოგიური პატრიოტიზმით, არამედ მოქმედებენ თავიანთი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება ნატოს მტრულ დამოკიდებულებასა და ახალ რეგიონებში გამაგრების მცდელობებზე.
„რაც შეეხება ნატო-ს, ჩვენ არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება ამ ბლოკის მტრულ კურსზე რუსეთის მიმართ და მის მცდელობებზე, დაემკვიდრებინა თავი ახალ რეგიონებში. ვგულისხმობ ახალ რეგიონებს ნატოსთვის, მათ შორის სამხრეთ კავკასიას, ალიანსის არა თავდაცვითი, არამედ საკმაოდ აგრესიული, უკიდურესად აგრესიული განზრახვების გათვალისწინებით - მცდელობების, თავს მოახვიოს საკუთარი შეხედულებები და სტანდარტები სხვების უსაფრთხოების ინტერესების საზიანოდ. და ეს გავლენა, თავისი არსით, მხოლოდ დესტრუქციული შეიძლება იყოს. შესაბამისად, ეს ბლოკი ზიანის მომტანია მათ შორის ამ რეგიონის სახელმწიფოებისთვის“, - თქვა ზახაროვამ.
მისი თქმით, სხვათა შორის, ნატო-ში არ არსებობს კონსენსუსი ე.წ. „ღია კარის პოლიტიკასთან“ დაკავშირებით.
„ალიანსის შიგნით ევროპის რიგი სახელმწიფოები კრიტიკულად არიან განწყობილნი ამ კურსის მიმართ. უფრო მეტიც, ვაშინგტონს, როგორც ჩანს, სერიოზული ეჭვები აქვს დამატებითი წევრების მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალმა სტრატეგიამ გავლენა უნდა მოახდინოს ნატოს დაუსრულებელ გაფართოებაზე და ვიმედოვნებთ, რომ ეს შეუმჩნეველი არ დარჩება თბილისში“, - განაცხადა ზახაროვამ.
საქართველო და ნატო
საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა.
„ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაცხადდა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო.
2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობდა ხელს. ნატოს ხელმძღვანელობა უკრაინაში კონფლიქტის დაწყებამდე ბუქარესტის სამიტის გზავნილისადმი ერთგულებას აცხადებდა, თუმცა 2022 წლის შემდეგ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობა შესუსტდა.
2024 წლის 9-11 ივლისის ვაშინგტონში გამართული ნატოს სამიტის დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, რაც 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ პირველი პრეცედენტი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0