რა ეტაპზეა გელათის მონასტრის სარემონტო სამუშოები? საპატრიარქოს განცხადება

© Courtesy of Ministry of Culture of Georgiaგელათი
გელათი - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2025
გამოწერა
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში მიმდინარე სამუშაოები დასრულების სტადიაზეა, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, რომელიც საპატრიარქოს მიერ 2023 წელს შეიქმნა, უნიკალური ეკლესიის აღდგენით სამუშაოებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს. გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს 4 მლნ ლარი თავიდანვე გამოუყო.
„დროებითი გადახურვის უმნიშვნელოვანესი კონსტრუქციული სამუშაოს განხორციელებისთანავე დაიწყო პროექტის დასკვნითი ეტაპი, რომელიც დროებითი გადახურვის სტრუქტურის საფარი PVC-მასალის გათბობისა და ვენტილაციის სისტემის მონტაჟს გულისხმობს და რომლის პროექტირება და დაგეგმარება ბოლო 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა", - ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქოს ცნობით, კომიტეტი მკაცრად იცავს რთული და კომპლექსური პროექტის განხორციელებისათვის საჭირო თანამიმდევრულობას. ტაძრის ერთიანი გადახურვის სტრუქტურის სპეციფიკა, პროექტის შესაბამისად, მოითხოვს, რომ გადახურვის ზედაპირის ფართობზე დადებული თოვლის სიმაღლე არ აღემატებოდეს 20 სანტიმეტრს, სწორედ ამ ტექნიკურმა მონაცემმა განაპირობა დროებითი გადახურვის შეთბობის საჭიროება.
ამასთან საპატრიარქო აღნიშნავს, რომ გათბობა-ვენტილაციის სისტემის ჰაერსატარები იმგვარადაა მოწყობილი, რომ დროებითი გადახურვის ფენილების ქვედა მხრიდან შეთბობის მეთოდით დროებითი გადახურვის ზედაპირზე თოვლის ეფექტური დნობა მოხდეს.
„ზამთრის პერიოდში აღნიშნული გათბობა-ვენტილაციის სისტემის ფუნქციონირება, მხოლოდ მაშინ არის გათვალისწინებული, როდესაც ერთიანი დროებითი გადახურვის საფარზე დადებული თოვლის სისქე 20 სმ-ს მიაღწევს. დღევანდელი კლიმატური რეალობის გათვალისწინებით, შესაძლოა, აღნიშნული გათბობის სისტემის ჩართვა ზამთრის კონკრეტულ სეზონებზე საერთოდ არ გახდეს საჭირო ან მისი ჩართვის საჭიროება ერთეული შემთხვევებით შემოიფარგლოს", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა გელათის კლიმატური ზონის შესწავლა და განისაზღვრა სტრუქტურის გადახურვის, მაღალტექნოლოგიური მატერიის, ქვედა სიბრტყის, გათბობის ტემპერატურული დიაპაზონი. საპატრიარქო ასევე აღნიშნავს გელათის რესტავრაციის პროექტის უნიკალურობას.
„გელათის დროებითი გადახურვის პროექტს, მისი მასშტაბის, სირთულისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით, არც საქართველოში, არც ზოგადად, რეგიონში განხორციელებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციის კუთხით, ანალოგი არ აქვს", - ნათქვამია განცხადებაში.
უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში რთული ვითარება 2020 წელს გადახურვის უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო შეიქმნა. არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების შედეგად გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტით გადახურული სახურავიდან წყლის ჟონვა დაიწყო.
გელათის პრობლემები
ტაძრის დასავლეთ მკლავის და სამლოცველოს გადახურვა არასწორი მეთოდით და უხარისხო მასალებით მოხდა, რის გამოც სახურავიდან წყალმა იწყო დენა. 2021 წლისთვის ტაძარში კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილიც დააზიანა და წყალმა ისევ დააზიანა ფრესკები.
დროებითი გადახურვის სამუშაოებს და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებს სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა.
ამ სამუშაოების შემდეგ სამინისტროში განაცხადეს, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
გელათი დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.
ყველა ახალი ამბავი
0