ბათუმში პიროტექნიკის უნებართვო რეალიზაციის ფაქტებზე მეწარმე სუბიექტები დააჯარიმეს

© photo: Sputnik / Stringerპიროტექნიკა
პიროტექნიკა - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2025
გამოწერა
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მეწარმეებს, თავი შეიკავონ პროდუქციის უკანონო რეალიზაციისგან.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ბათუმში მუნიციპალურმა ინსპექციამ პიროტექნიკის უნებართვო რეალიზაციის ფაქტებზე მეწარმე-სუბიექტები დააჯარიმა და უნებართვო სარეალიზაციო პროდუქციის კონფისკაცია განახორციელა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მეწარმეებს, თავი შეიკავონ პროდუქციის უკანონო რეალიზაციისგან. უწყების ცნობით, კანონდარღვევაზე მონიტორინგი ინტენსიურად გაგრძელდება.
ახალი წლის დღეებში მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პიროტექნიკის უნებართვო რეალიზაციაზე მონიტორინგი გამკაცრდა.
2025 წლის 1-ელი აპრილიდან საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენების წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმები ამოქმედდა. რეგულაციები ვრცელდება როგორც იმპორტზე, ექსპორტზე, წარმოებასა და რეალიზაციაზე, ისე შეძენასა და გამოყენებაზე.
საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, პიროტექნიკის რეალიზაცია და წარმოება ლიცენზირებას დაექვემდებარა, ასევე ნებართვას დაექვემდებარა იმპორტი და ექსპორტი.
პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან რეალიზაცია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის (ლიცენზიის) გარეშე გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 ათასი ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან კონფისკაციის გარეშე. ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი პირი დაჯარიმდება 6 ათასი ლარის ოდენობით.
სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევა 2 ათასი ლარით ისჯება, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა გასამმაგდება, რასაც შესაძლოა ნებართვის/ლიცენზიის გაუქმება მოჰყვეს.
ასევე გამკაცრდა კონტროლი არასრულწლოვნებისთვის ან უფლების არმქონე პირებისთვის პიროტექნიკის მიყიდვაზე, რისთვისაც 2 ათასიდან 3 ათას ლარამდე ჯარიმაა დაწესებული. თავად უფლების არმქონე პირის მიერ პიროტექნიკის შეძენა 1 ათასიდან 2 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
2024 წლის დეკემბერში, ქვეყანაში საპროტესტო ტალღის ფონზე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები - აიკრძალა მანიფესტაციებზე სახის ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, ასევე პიროტექნიკის, ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენება.
ყველა ახალი ამბავი
0