გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

© State Security Service of Georgiaგრიგოლ ლილუაშვილი
გრიგოლ ლილუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2025
გამოწერა
სუსი-ს ყოფილ უფროსს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა, განაცხადა გენპროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას 2019-2025 წლებში იკავებდა. მან თანამდებობა 2025 წლის აპრილში, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა.
ლილუაშვილს ბრალი რამდენიმე ეპიზოდში ედება, მათ შორის ქრთამის აღებასა და ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობაში.
პირველი ეპიზოდი: 2022 წლის ოქტომბერში ლილუაშვილმა თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკის მინისტრის მაშინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მლნ აშშ დოლარი, ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ლობირებისთვის.
მეორე ეპიზოდი: 2022 წლის თებერვლაში რომეო მიქაუტაძის მეშვეობით კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის’’ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 1,5 მლნ ლარი.
მესამე ეპიზოდი: უწყების ცნობით, 2021-2023 წლებში ქვეყანაში რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი არსებობდა. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო „ქოლ-ცენტრების" შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1,3 მლნ აშშ დოლარი მიიღო.
მეოთხე ეპიზოდი: გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორ კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა.
უწყების ცნობით, აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, დაკითხული არიან მოწმეები, ასევე ამოღებულია დანაშაულის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო და აუდიოჩანაწერები.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულების გამოვლენის და მასთან ერთად სავარაუდო დანაშაულებში მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით.
ლილუაშვილს ბრალი ედება სსკ-ის 338-ე მუხლით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის, საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. სამართალდამცველებმა ამოიღეს 7,22 მლნ დოლარი, ოქროს სამკაულები, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და ძვირადღირებული ნახატები.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირები დააკავეს. მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს რკინიგზის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი კობა ხუნდაძე. ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია ლილუაშვილის ბიძაშვილი, ანდრია (სანდრო) ლილუაშვილი. რამდენიმე დღის წინ ესპანეთში სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დააკავეს ლილუშვილის ნათესავი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძეც.
ყველა ახალი ამბავი
0