ელჩების კონფერენცია - 2025: საგარეო საქმეთა სამინისტრო შედეგებს აჯამებს

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2025
გამოწერა
22-25 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ელჩების კონფერენცია 2025" იმართება.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ელჩების კონფერენცია წარმოადგენს პლატფორმას გასული პერიოდის შეჯამებისთვის, არსებული ვითარების შესაფასებლად და იმ პრიორიტეტების დასადგენად, რომლებიც ქვეყნის დიპლომატიურ საქმიანობას მომავალ წელს წარმართავს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
22-25 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ელჩების კონფერენცია 2025" იმართება.
„დღეს ჩვენ ვიწყებთ ელჩების ყოველწლიურ კონფერენციას, რომელიც გვაძლევს საუკეთესო შესაძლებლობას, შევაფასოთ გასული პერიოდი, შევაფასოთ არსებული ვითარება და განვსაზღვროთ ის ამოცანები, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს დიპლომატიურ საქმიანობას მომავალ წელს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა დიპლომატებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ინტერესების დაცვაში გაწეული სამსახურისთვის.
„გლობალური და რეგიონული პროცესები პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ქვეყანაზე. დღეს, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის სათანადო განხორციელება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები, გეოპოლიტიკური ცვლილებები და მზარდი გაურკვევლობა კიდევ უფრო ზრდის პასუხისმგებლობას საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ეფექტური განხორციელებისთვის.
„ამ პირობებში დიპლომატიური სამსახურის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, რომელიც უსაფრთხოების უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას“, - ხაზგასმით აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ ბოლო წლებში განვითარების შესანიშნავ შედეგებს მიაღწია.
„საერთაშორისო ვაჭრობა იზრდება, ძლიერდება საქართველოს პოზიცია რეგიონულ ტრანზიტსა და ლოჯისტიკაში, ასევე იზრდება ინვესტორების ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამ მიღწევებში დიპლომატიური სამსახურის წვლილი გადამწყვეტია“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა ელჩების მიერ გაწეული სამუშაო.
მისი თქმით, გლობალურ საერთაშორისო სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები მიმდინარეობს და საერთაშორისო დღის წესრიგი იცვლება. ასეთი ტრანსფორმაციების კონტექსტში, ისეთი რთულ რეგიონში მდებარე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკაზე დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობები.
„ამ საკითხში ჩვენი დიპლომატების როლი გადამწყვეტია. აქვე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი დიპლომატიური მისიების გადამწყვეტ როლს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის განმტკიცებაში“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში არსებული სიმშვიდე არა შემთხვევითობა, არამედ კარგად გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.
„ჩვენი პრინციპული პოზიციის წყალობით, ჩვენ შევძელით ეროვნული ინტერესების დაცვა და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. გარე ძალების მხრიდან იყო ძალიან სერიოზული მცდელობა, რომ საქართველო ისევ სამხედრო კონფლიქტში ჩაეთრიათ. არსებული სიმშვიდე შემთხვევითობა არ არის, არამედ კარგად გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია“, - განაცხადა კობახიძემ.
დიპლომატებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმაც. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ღია და თანასწორი დიალოგი ეროვნული ინტერესების პატივისცემით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საფუძვლად რჩება.
„იყავით თავდაჯერებულები, პრინციპულები და, რაც მთავარია, ერთიანები, რადგან მხოლოდ ამ გზით გაისმის საერთაშორისო ასპარეზზე მკაფიოდ ქართველი დიპლომატების ხმა, ხმა, რომელიც მტკიცედ და თავდადებით იცავს სამშობლოსა და მისი ხალხის ინტერესებს მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
„ელჩების კონფერენცია 2025"-ის ფარგლებში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა 2023 წელს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით გაწეულ სამუშაოებსა და 2025 წლის გეგმებსა და ამოცანებს.
ყველა ახალი ამბავი
0