საქართველო და სერბეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

© Сourtesy of Georgian Governmentსაქართველოს დელეგაცია ბელგრადში
საქართველოს დელეგაცია ბელგრადში - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2025
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებები იწყება, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება, რომლის ფარგლებში მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაში.
ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე განცხადებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იაგოდა ლაზარევიჩმა მოაწერეს ხელი.
ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე მხარეებმა ბელგრადში გამართულ საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომაზე იმსჯელეს. ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელების მხრიდან აქცენტი გაკეთდა მოლაპარაკებების დაწყების დაჩქარების საჭიროებაზე, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.
როგორც ერთობლივი განცხადების ტექსტშია აღნიშნული, ის მოიცავს ეკონომიკური პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხების ყოვლისმომცველ ერთობლიობას, რომელიც ფარავს საქონლით ვაჭრობას და ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა სფეროებს.
„აღნიშნული თანამედროვე და მომავალზე ორიენტირებული ჩარჩო ახალ შესაძლებლობებს შექმნის ორივე ქვეყნის ექსპორტიორებისთვის. ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობისა და ვაჭრობის შემდგომი გაფართოების აუთვისებელი პოტენციალის გათვალისწინებით, აუცილებელია თანამშრომლობის გააქტიურება ქართველ ექსპორტიორებსა და სერბეთის წამყვან დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებს შორის“, - ნათქვამია ტექსტში.
საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2026 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.
საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად გააქტიურდა 2017-2018 წლებში, რაზეც მაღალ დონეზე ვიზიტები მეტყველებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სერბეთში ვიზიტის დროს 2018 წელს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნების დედაქალაქებში თითო დიპლომატი განათავსონ, რაც ურთიერთობების მეტ დინამიკას უზრუნველყოფს. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების გააქტიურებას.
ასევე საქართველოსა და სერბეთს შორის შვიდი ხელმოწერილი შეთანხმება არსებობს, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობებს ეკონომიკის, ვაჭრობის, საკონსულოებისა და სხვა საკითხებში.
ყველა ახალი ამბავი
0