რეფორმები სახელმწიფო საწარმოებსა და ეროვნული ბანკის მმართველობაში: სსფ-ის რეკომენდაციები

© AP Photo / Andrew Harnikსაერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2025
გამოწერა
როგორც მისიის ანგარიშშია ნათქვამი, სწრაფმა ზრდამ უმუშევრობის დონე ისტორიულად დაბალ 13,3%-მდე შეამცირა, თუმცა, უმუშევრობა სტრუქტურულად მაღალი რჩება
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ფისკალური და საგარეო ბუფერების შენარჩუნება, ასევე სახელმწიფო საწარმოებში და ცენტრალური ბანკის მმართველობის რეფორმების დაჩქარება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას და გაზრდის მდგრადობას მიმდინარე გეოპოლიტიკური გაურკვევლობის პირობებში, ნათქვამია საერთაშორისო სავალუტის ფონდის მისიის ვიზიტის ანგარიშში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით 10-16 დეკემბერს იმყოფებოდა საქართველოში. მისიის წევრებმა შეაფასეს ქვეყნის ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური მოვლენები, ასევე რეფორმების პრიორიტეტების მიღწევის პროგრესი.
„საქართველო მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ინარჩუნებს. 2025 წელს რეალური მშპ-ის 7.3 პროცენტიან ზრდას ველით. ზრდის ეს ტემპი ოდნავ ჩამოუვარდება 2024-ის მაჩვენებელს, ხოლო ისტორიულ ჭრილში კვლავ მაღალია. ეკონომიკურ საქმიანობაში წამყვანია საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის და განათლების სექტორები, რომელთა ზრდა პანდემიის შემდგომ და უკრაინაში ომის დაწყების პერიოდიდან აჩქარდა. სწრაფმა ზრდამ უმუშევრობის დონე ისტორიულად დაბალ 13,3%-მდე შეამცირა, თუმცა, უმუშევრობა სტრუქტურულად მაღალი რჩება", - ნათქვამია მისიის ანგარიშში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინფლაცია 2025 წელს აჩქარდა და ნოემბერში წინა წელთან შედარებით 4,8%-ს მიაღწია, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს აღემატება.
„ინფლაციის ზრდა ძირითადად ადგილობრივი საკვების ფასის მატებამ განაპირობა, რაც გარდამავალი ფაქტორია და მის შემცირებას ველოდებით. საბაზო ინფლაცია სამიზნეზე დაბალია, რაც მიუთითებს, რომ ფასების საერთო დონეზე ზეწოლა არ არსებობს", - ნათქვამია ანგარიშში.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, სებ-მა სათანადოდ შეინარჩუნა ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა და პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა. მიუხედავად ამისა, თუ ინფლაცია მოლოდინს გადააჭარბებს, სებ-ი პოლიტიკის გამკაცრებისთვის მზად უნდა იყოს.
„ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ნოემბერში სარეკორდო 5,8 მლრდ დოლარს მიაღწია (წინა წლის 4,1 მლრდ დოლარიდან), რაც სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის საზომის 100%-ს შეადგენს.
გაუმჯობესება დაკავშირებულია დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირებასთან და ძლიერ საერთაშორისო სავალუტო შემოდინებებთან: მომსახურების ექსპორტიდან და ფულადი გზავნილებიდან, რამაც სებ-ს ვალუტის შესყიდვების საშუალება მისცა.
ფისკალური პოლიტიკა კვლავ რბილი რჩება
მისიის შეფასების თანახმად, 2025 წელს ბიუჯეტის დეფიციტი, დაგეგმილ მშპ-ის 2,5%-ზე ნაკლები იქნება, რაც განპირობებულია ძლიერი შემოსავლებით და კაპიტალური ხარჯების გეგმიდან ჩამორჩენით.
„2026 წლის ბიუჯეტი გონივრულად მიზნად ისახავს მშპ-ის 2.5%-იან დეფიციტს და ითვალისწინებს სახელმწიფო კაპიტალური და სოციალური ხარჯების ზრდას", - ნათქვამია ანგარიშში.
საერთაშორისო სავალუტო მისია 2026 წლის აპრილში 500 მლნ დოლარიანი ევროობლიგაციების უპრობლემოდ გადაფინანსებას ველით, არსებულ საბაზრო პირობებში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია 2026 წლის აპრილში, მიმდინარე საბაზრო პირობების გათვალისწინებით, 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების შეუფერხებელ რეფინანსირებას მოელის.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, სახელმწიფო შემოსავლების გაზრდა შესაძლებელია საგადასახადო ბაზის გაფართოებით და საგადასახადო დანაკარგების შემცირებით, რაც, სახელმწიფო ინვესტიციების უფრო ეფექტურ მართვასთან და ხარჯების ეფექტიანობის გაზრდასთან ერთად, ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურასა და განათლებაზე აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას.
„საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ, 5%-იან ზრდის ტემპს მიუახლოვდება. მთავარ გაურკვევლობას წარმოშობს უკრაინაში ომის დასრულების ვითარება, რამაც შეიძლება შეატრიალოს მიგრაციის, ფინანსური შემოდინებების და სატრანზიტო ვაჭრობის ნაკადების ნაწილი, მაგარამ ასევე შექმნას სტაბილურობა რეგიონში, რაც გრძელვადიანი ინვესტიციების წინაპირობაა", - ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, მისიის აზრით, საქართველოს ევროკავშირთან დაძაბულმა ურთიერთობამ, შესაძლოა, ინვესტორის განწყობა დაამძიმოს და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეამციროს.
არაბთა გაერთიანებული საემიროების ინვესტორის მიერ უძრავი ქონების სფეროში გაცხადებული 6,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროექტი გეგმის მიხედვით განხორციელების შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის წამახალისებელ და სამუშაო ადგილების შექმნის დადებით შესაძლებლობას ქმნის.
რეფორმები
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების თანახმად, მისასალმებელია ხელისუფლების განზრახვა, განახორციელოს სახელმწიფო საწარმოების ყოვლისმომცველი რეფორმა. მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულია ფისკალური რისკების მართვისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების ფინანსური ზედამხედველობის სფეროში.
რეფორმის შემდგომი ეტაპი მიმართული უნდა იქნას სახელმწიფო საწარმოებში კორპორატიული მმართველობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებაზე, რისი 3 საბოლოო მიზანიც არის სახელმწიფოს, როგორც სახელმწიფო საწარმოს აქციონერის, მარეგულირებელის და სექსტორის პოლიტიკის განმსაზღვრელის ფუნქციების გამიჯვნა.
ეროვნული ბანკის ძლიერი მმართველობა და დამოუკიდებლობა გადამწყვეტია ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამ მხრივ მისასალმებელია ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც სებ-დან მთავრობისთვის დისკრეციულ ფინანსურ ტრანსფერს გამორიცხავს.
მისიამ დაადასტურა თავისი წინა რეკომენდაციები: უზრუნველყოფილ იქნას არააღმასრულებელ წევრთა უმრავლესობა სებ-ის მმართველ საბჭოში; დაიხვეწოს სებ-ის საბჭოს წევრთა კვალიფიკაციის მოთხოვნები და სებ-ი გადავიდეს გადაწყვეტილებების კოლეგიალურად მიღების მოდელზე. თებერვალში დაგეგმილია სსფ-ს ტექნიკური მისიის ვიზიტი, რომელიც ხელისუფლებას ამ ამოცანის შესრულებაში დაეხმარება. საფინანსო სექტორი ჯანსაღია, ბანკების კაპიტალიზაცია, მომგებიანობა, ლიკვიდურობა და აქტივების ხარისხი მაღალია.
საერთაშორისო სავალუტო მისიის მომდევნი ვიზიტი საქართველოში 2026 წლის მარტშია დაგეგმილი.
ყველა ახალი ამბავი
0