ამერიკამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქართველი მოსამართლე დაასანქცირა

© photo : courtesy of International Criminal Courtჰააგის სასამართლო
ჰააგის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2025
გამოწერა
აშშ და ისრაელი არ არიან რომის სტატუტის მონაწილეები და, შესაბამისად, არ აღიარებენ ICC-ის იურისდიქციას
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ქართველ მოსამართლეს, გოჩა ლორთქიფანიძეს სანქციები დაუწესა, ასევე დასანქცირდა მონღოლი მოსამართლე, ერდენებალსურენ დამდინი, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაში.
როგორც რუბიომ განაცხადა, სანქციები დაწესდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის №14203 ბრძანებულების შესაბამისად „სანქციების დაწესების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ“. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, "ეს პირები პირდაპირ არიან ჩართულნი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მცდელობებში გამოიძიონ, დააპატიმრონ, დააკავონ ან გაასამართლონ ისრაელის მოქალაქეები, ისრაელის თანხმობის გარეშე“, მათ შორის უმრავლესობასთან ერთად კენჭი უყარეს ICC-ის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებას ისრაელის აპელაციაზე უარის თქმის შესახებ.
„საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო აგრძელებს ისრაელის წინააღმდეგ პოლიტიზებულ ქმედებებს, რაც სახიფათო პრეცედენტს ქმნის ყველა ქვეყნისთვის“, - განაცხადა რუბიომ და აღნიშნა, რომ ამერიკა არ შეეგუება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ICC-ის მხრიდან, რომელიც ხელყოფს აშშ-ის და ისრაელის სუვერენიტეტს და ცდილობს არამართლზომიერად მოაქციოს აშშ-ის და ისრაელის მოქალაქეები ამ სასამართლოს იურისდიქციის სფეროში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ სასამართლოსადმი ვაშინგტონის მესიჯი ცხადია: შეერთებული შტატები და ისრაელი არ არიან რომის სტატუტის ხელმომწერები და, შესაბამისად, უარყოფენ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციას.
როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საპასუხოდ განაცხადეს, „ეს სანქციები არის აშკარა თავდასხმა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლო ინსტიტუტზე, რომელიც მოქმედებს სხვადასხვა რეგიონის წევრი სახელმწიფოების მიერ მინიჭებული მანდატის შესაბამისად“.
„წევრი სახელმწიფოების მიერ არჩეული მოსამართლეებისა და პროკურორების წინააღმდეგ მიმართული მსგავსი ზომები ძირს უთხრის კანონის უზენაესობას. როდესაც მართლმსაჯულების განმახორციელებელ პირებს კანონის აღსრულების გამო ემუქრებიან, საფრთხე თავად საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს ექმნება“, - ნათქვამია ICC-ის განცხადებაში.
გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა. ის ამ თანამდებობაზე 2020 წლის 19 დეკემბერს, ცხრა წლის ვადით აირჩიეს.
2020 წლის დეკემბრიდან ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, 2005 წლიდან 2009 წლამდე, იგი საერთაშორისო სამართლისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო, ხოლო 2013 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო — პირველი მუდმივი სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის კომპეტენციაში შედის იმ პირების გასამართლება და დასჯა, რომლებსაც ბრალი ედებათ გენოციდში, ომის დანაშაულებებში და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. შეიქმნა რომის წესდებით, რომელიც 1998 წელს იქნა მიღებული. ფუნქციონირებს 2002 წლის ივლისიდან. სასამართლოს რეზიდენცია მდებარეობს ჰააგაში, თუმცა მოსამართლეთა სხდომები ნებისმიერ ადგილას შეიძლება გაიმართოს. ეს არ არის იგივე, რაც გაეროს საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ასევე ჰააგაში მდებარეობს, თუმცა სხვა კომპეტენცია აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0