მამრაძე: რატომ აღარ ატარებს ქუჩის აქციები პოლიტიკურ ხასიათს?

© photo: Sputnik / Stringerპეტრე მამრაძე
პეტრე მამრაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2025
გამოწერა
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის კრიზისი კი არა, სახელმწიფო მართველობის მდგრადობის გამოცდაა, მიიჩნევს ექსპერტი
„Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში ონლაინ-პრესკონფერენციაზე ქართველმა პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ ქუჩის საპროტესტო აქციები, საგარეო პოლიტიკური ზეწოლა და მთავრობის ქმედებები დეტალურად შეაფასა.
პროტესტი და კანონი: სად გადის ზღვარი
მამრაძის თქმით, სპონტანური მასობრივი დემონსტრაციები ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანისთვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა. როდესაც ადამიანების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ისინი ტროტუარზე ფიზიკურად ვერ ეტევიან, პოლიცია ვალდებულია, ესკორტირება გაუწიოს კოლონებს, დროებით გადაკეტოს სატრანსპორტო მოძრაობა და იგი სხვა მარშრუტზე გადაამისამართოს ქაოსის თავიდან ასაცილებლად.
მისი შეფასებით, სულ სხვა ხასიათს ატარებს აქცია, რომელშიც ათობით ადამიანი მონაწილეობს. პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ ასეთ ჯგუფებს შეუძლიათ მარტივად მოახდინონ პიკეტირება ტროტუარებზე ან სამთავრობო შენობების წინ, თუმცა ისინი განზრახ გადადიან გზაზე და ბლოკავენ მოძრაობას. როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ეს გარდაუვლად იწვევს მძღოლებისა და მგზავრების აგრესიას, არღვევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას და ქმნის დაძაბულობას ქალაქში.
რატომ არ არის ეს პოლიტიკური აქტივობა?
მამრაძე ასეთ ქმედებებს პოლიტიკური ბრძოლის ფორმად არ მიიჩნევს. პირიქით, საუბარია საზოგადოებრივი წესრიგის განზრახ დარღვევაზე, რაც ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში პოლიციის დაუყოვნებლივ ჩარევას, ჯარიმებს და სისხლისსამართლებრივ დევნას გამოიწვევდა. ამ კონტექსტში, ის მომხდარს არა პროტესტს, არამედ ხულიგნობას უწოდებს.
ამასთან, პოლიტოლოგი პარადოქსზე მიუთითებს: ევროპასა და აშშ-ში მკაცრად ჩახშობილი ქმედებები საქართველოს შემთხვევაში ხშირად „დემოკრატიისთვის ბრძოლად“ არის წარმოჩენილი.
ორმაგი სტანდარტები და „პოლიტიკური დაკავებები"
მამრაძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დასავლური ინსტიტუტების რეაქციას. როგორც ის აღნიშნავს, უკანონო საპროტესტო აქციებში მონაწილეთა დაპატიმრებები საზღვარგარეთ თითქმის ავტომატურად განიმარტება, როგორც პოლიტიკური რეპრესიები, კონკრეტული გარემოებების გარკვევის ყოველგვარი მცდელობის გარეშე.
მისი თქმით, ზოგიერთი აქტივისტისთვის დაკავება თავად ხდება მიზანი - საერთაშორისო ინსტიტუტების, მედიისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ყურადღების მიპყრობის საშუალება.
პოლიტოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ გერმანიასა და საფრანგეთში გაცილებით მკაცრი კანონები მოქმედებს საჯარო აქციებთან, სიტყვის თავისუფლებასთან და შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, თუმცა დასავლეთის მხრიდან ამ ზომებთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ ჟღერდება.
ხელისუფლების ქმედებების შეფაება
მამრაძე დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების რეაგირებას არსებულ ვითარებაზე. მისი თქმით, შსს და მთავრობა თავშეკავებულად და ეტაპობრივად მოქმედებენ, თავს არიდებენ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას და საზოგადოებას საშუალებას აძლევენ, თავად დაინახონ განსხვავება სამოქალაქო პროტესტსა და პროვოკაციას შორის. მისი აზრით, ეს ტაქტიკა საშუალებას იძლევა, შენარჩუნებული იქნას საზოგადოებრივი წესრიგი ძალის გამოყენების გარეშე.
წლის შეფასება: მშვიდობა და მდგრადობა
2025 წლის შედეგების შეჯამებისას პეტრე მამრაძე ერთ კონკრეტულ მოვლენას არ გამოყოფს და მთავარ მიღწევად მშვიდობის შენარჩუნებას, პოლიტიკურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდას ასახელებს. ის ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლება, პროვოკაციებისა და ზეწოლის მიუხედავად, ესკალაციას არ წამოეგო და სუვერენიტეტის განმტკიცების კურსი აირჩია.
მისი თქმით, მიმდინარე წელს სწორედ ეს ხაზი გახდა ქვეყნის სტაბილურობის მთავარი ფაქტორი.
ყველა ახალი ამბავი
0