GCCA-მა „ფრესკო" შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობისთვის დააჯარიმა

© photo: Sputnik / Stringerსუპერმარკეტი
სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2025
გამოწერა
კომპანიის მიერ მომხმარებლეთა უფლებების დამცველი კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით სააგენტოს მოქალაქემ მიმართა
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ფრესკო ვესტ ჯორჯიას" მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
კომპანიის მიერ მომხმარებლეთა უფლებების დამცველი კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით სააგენტოს მოქალაქემ მიმართა, რაც „ფრესკოს“ ერთ-ერთ ობიექტში მომხმარებლების შეცდომაში შეყვანასა და პროდუქტზე მითითებული ფასისგან განსხვავებული თანხის გადახდას შეეხებოდა.
კერძოდ, მომხმარებელს სავაჭრო ობიექტში კონკრეტული ფასი მიეწოდა პროდუქტის აწონვის მომენტში, ხოლო სალაროსთან ანგარიშსწორების დროს მან განსხვავებული, უფრო მაღალი ღირებულება გადაიხადა, იმ მიზეზით, რომ ფასდაკლების პერიოდი უკვე დასრულებული იყო.
სააგენტოს განმარტებით, მოვაჭრის მიერ სალაროსთან ანგარიშსწორების დროს ფასის შეცვლა შეფასდა, როგორც შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა, რომელიც არღვევს სამომხმარებლო სამართლის ფუნდამენტურ - ინფორმირებული თანხმობის, გონივრული მოლოდინის და კეთილსინდისიერების პრინციპებს.
ამასთან, რაოდენობრივად ბევრი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვერ ახერხებს თითოეული საქონლის ფასდაკლების ვადის დამოუკიდებლად გადამოწმებას. ასეთი ვითარება კი მნიშვნელოვნად ზრდის რისკს, რომ მომხმარებელმა ვერ შენიშნოს ფასდაკლების დასრულება და ვერ გააცნობიეროს, რომ კალათში მოთავსებული საქონლის ფასი აღარ შეესაბამება დახლზე მითითებულ ღირებულებას.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა სრულად შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს.
ყველა ახალი ამბავი
0