რუხაძე: საქართველომ 2025 წლის „საბავშვო ევროვიზიის" კონკურსს წარმატებით უმასპინძლა

© Junior Eurovision „საბავშვო ევროვიზია"
„საბავშვო ევროვიზია - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2025
გამოწერა
საქართველოს წარმომადგენელმა ანიტა აბგარიანმა 176 ქულით, მესამე ადგილი დაიკავა.
თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. საქართველომ 2025 წლის „საბავშვო ევროვიზიის" სიმღერის კონკურსს წარმატებით უმასპინძლა, ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ლუ დელუზი გახდა - საქართველოს წარმომადგენელმა ანიტა აბგარიანმა 176 ქულით, მესამე ადგილი დაიკავა.
„საბავშვო ევროვიზიის" დასკვნით შოუში, რომელიც ოლიმპიურ ქალაქში გაიმართა, ევროპის 18 ქვეყნის 9-დან 14 წლამდე შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
„საბავშვო ევროვიზიას ძალიან ღირსეულად ვუმასპინძლეთ. ამ შოუში ჩვენი ქვეყნის საამაყო ისტორიაც გადმოვეცით. ამ ღონისძიების მომზადებაში 1 500-მდე ადამიანი მონაწილეობდა; მათ შორის, შემოქმედებითი ჯგუფიც ქართული იყო... მადლობა Starring Georgia-ს უმაღლეს დონეზე ჩატარებული სამუშაოსთვის. ძალიან ბევრი უწყება იყო ჩართული, რათა ეს საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება სათანადო დონეზე ჩაგვეტარებინა. დღეს მსოფლიოს ნამდვილად ევროპული ხარისხი ვაჩვენეთ“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.
საქართველომ „საბავშვო ევროვიზიას" უკვე მეორედ უმასპინძლა. საქართველო კონკურსზე 10 წლის ანიტა აბგარიანმა წარადგინა, რომელიც წლევანდელ საბავშვო ვოკალურ კონკურს „რანინას" მეშვიდე სეზონის გამარჯვებულია. ზედიზედ მერვე წელია „საბავშვო ევროვიზიის" კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის" პროექტ „რანინაზე" ირჩევენ.
ანიტა აბგარიანმა საკონკურსო სიმღერა Shine like a star შეასრულა, რომელიც კომპოზიტორ გიგა კუხიანიაძეს ეკუთვნის. მასთან ერთად ტექსტზე მარიამ ღვალაძემ იმუშავა, რომელიც ჯგუფ „ქენდის" ერთ-ერთი მონაწილეა (ჯგუფმა „ქენდიმ" საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება 2011 წელს მოუტანა).
საქართველომ „საბავშვო ევროვიზიის" კონკურსი ოთხჯერ მოიგო - 2008, 2011, 2016 და 2024 წლებში. გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია" საქართველოს წარმომადგენელმა, 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ მოიგო. მან 239 ქულით ქვეყანას მეოთხე გამარჯვება მოუტანა. აღნიშნული შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0