ქვემო ქართლსა და იმერეთში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოვლინდა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaხის მასალა
ხის მასალა  - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2025
გამოწერა
მიმდინარე წელს დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 1653 ფაქტი გამოავლინეს.
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, სოფელ ფოლადაურის მიმდებარედ მოქალაქეებს სახელმწიფო ტყეში უკანონოდ დამზადებული სხვადასხვა სახეობის, ჯამში 12 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე მერქანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაჰქონდათ.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ბოლნისის სატყეო უბნის "საქმიან ეზოში".
გარდა ამისა, გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის მიმდებარე ტყეში იყო დამონტაჟებული.
უწყების ცნობით, ტერიტორიიდან ამოღებულია "წითელი ნუსხით" დაცული წაბლის სახეობის 2 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 2 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყება გადაიგზავნა.
დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წელს დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 1653 ფაქტი გამოავლინეს. ასევე, 2025 წლის 11 თვეში ქვეყნის მასშტაბით 57 უკანონო სახერხი საამქროა გამოვლენილი.
ტყით უკანონო სარგებლობის მიმართულებით სამართალდარღვევების რაოდენობის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებს.
უწყების ცნობით, ბოლო წლებში სამართალდარღვევების კლება შეინიშნება. 2021 წელთან შედარებით, 2024 წელს 49%-იანი კლება ფიქსირდება, რაც იმის შედეგია, რომ ბოლო წლებში ზედამხედველობა და კონტროლი გაძლიერებულია.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0