თბილისსა და იმერეთის რეგიონში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს

© Facebook / photo: National.Food.Agency / FBსურსათის ეროვული სააგენტოს თანამშრომლები
სურსათის ეროვული სააგენტოს თანამშრომლები - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2025
გამოწერა
მიმდინარე წელს ჩატარებულია 1.035 სახელმწიფო კონტროლი, გამოვლინდა 80 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისში, ზესტაფონსა და ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს თანამშრომლებმა არაგეგმური ინსპექტირებისას ერთ-ერთი არალეგალური სასაკლაო შინდისში, მიხეილ ჯავახიშვილის I შესახვევში გამოავლინეს.
კერძოდ, ფიზიკური პირის კუთვნილი ობიექტი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე ფუნქციონირებდა. ასევე გამოვლინდა ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევა.
უწყების ცნობით, 200 კგ საქონლის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება. ბიზნესოპერატორი კი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობა რეგისტრაციამდე, აღიარებამდე და კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.
კრიტიკული შეუსაბამობები ასევე გამოვლინდა ზესტაფონში, რუსთაველის 86-ში და ვანში, თავისუფლების 4-ში მდებარე არალეგალურ სასაკლაოებში.
არაგეგმური ინსპექტირების შედეგად აღნიშნულ სასაკლაოებში დაფიქსირდა საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რის გამოც ობიექტები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
უწყების განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებში სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
გეგმური ინსპექტირება ტარდება რისკის დონის განსაზღვრის გარეშე წელიწადში ოთხჯერ. გარდა ამისა, ტარდება არაგეგმური ინსპექტირებაც.
მიმდინარე წელს ჩატარებულია 1.035 სახელმწიფო კონტროლი, გამოვლინდა 80 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
ყველა ახალი ამბავი
0