ევროპის შესახებ აშშ-ის განგაშის სიგნალები: საქართველოს რეაქცია ევროკავშირის კრიზისზე

© photo: Sputnik / Stringer საქართველოს და ევროკავშირის დროშები
 საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2025
გამოწერა
მნიშვნელოვანია, რომ იმ პრობლემებზე, რომლებზეც ჩვენ ბრიუსელს დიდი ხანია ვუთითებთ, დღეს, უკვე ევროკავშირის მთავარი პარტნიორი და უსაფრთხოების ძირითადი გარანტორი აშშ-ც საუბრობს, განაცხადა პაპუაშვილმა.
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საზოგადოებამ კრიტიკულად უნდა შეაფასოს ევროპაში მიმდინარე მოვლენები და გაეცნოს აშშ-ის ახალ „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას", რომელიც ასახავს კონტინენტზე არსებულ საგანგაშო ტენდენციებს, დაწერა სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა.
ვაშინგტონის მიერ გამოქვეყნებულ „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში" ნათქვამია, რომ აშშ-ს სურს უარი თქვას ნატოს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმაზე. გარდა ამისა, დოკუმენტი ხაზს უსვამს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისა და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობას. სტრატეგიაში ასევე აღნიშნულია უთანხმოება ევროკავშირის რიგ წარმომადგენლებთან, რომლებიც, ვაშინგტონის აზრით, არარეალურ მოლოდინებს ამყარებენ სამხედრო მოქმედებების გაგრძელებასთან დაკავშირებით და არღვევენ დემოკრატიულ პრინციპებს.
ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტში აღმოჩნდა ევროპელ ბიუროკრატებთან, რომლებიც არარეალურ მოლოდინებს ამყარებენ ომთან დაკავშირებით და ძირითადად გვხვდებიან იმ მთავრობაში, რომელიც სახელმწიფოს უმცირესობას წარმოადგენს. ეს ბიუროკრატები ოპოზიციის ჩახშობის მიზნით დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებსაც კი მიწასთან თელავენ", - დაწერა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში არსებობს რისკი, რომ ნატოს წევრმა ზოგიერთმა ქვეყანამ „დაკარგოს ევროპული ხასიათი“, რაც ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის პარტნიორობის მომავალ ფორმატს ამ სახელმწიფოებთან.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კონტინენტურმა ევროპამ დაკარგა წილი გლობალურ მშპ-ში - 1990 წელს 25%-დან დღეს 14%-მდე შემცირდა. მისი თქმით, ევროპის წინაშე არსებული უფრო დიდი პრობლემები მოიცავს ევროკავშირის და სხვა ტრანსნაციონალური ორგანოების იმ ქმედებებს, რომლებიც „ძირს უთხრის პოლიტიკურ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს". მაჭავარიანმა ასევე აღნიშნა მიგრაციული პოლიტიკის შედეგები, ევროპის დემოგრაფიული იერსახის ცვლილება, გაზრდილი ცენზურა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე ზეწოლა.
„თუკი, ეს ტენდენცია გაგრძელდება ამ კონტინენტს 20 წელიწადში ვეღარ ვიცნობთ... უკვე დროა, ცოტათი უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, -აღნიშნა პოლიტიკოსმა.
აშშ, ევროკავშირის მთავარი პარტნიორი და მისი უსაფრთხოების მთავარი გარანტორი, ახლა თავად საუბრობს ევროპაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე, რომლებზეც თბილისი დიდი ხანია ყურადღებას ამახვილებს, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საუბარი ეხება არა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაფრთხილებებზე, არამედ „განგაშის სიგნალზე, რომელიც თავად დასავლეთიდან მოდის და მიზნად ისახავს ევროპის გამოღვიძებას“ ღრმა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად.
„ევროკავშირის ლიდერების უპასუხისმგებლო პოლიტიკამ ევროპა ცივილიზაციური უფსკრულის პირას მიიყვანა - იქ, სადაც იკარგება ეკონომიკური სტაბილურობა, ნადგურდება კულტურული იდენტობა და ეჭვქვეშ დგება ევროპული იდეის ღირებულებითი საფუძველი", - დაწერა პარლამენტის სპიკერმა.
მისი თქმით, ევროკავშირი ვეღარ შეძლებს მიმდინარე პროცესების იგნორირებას. „აუცილებელია მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არსებული მიდგომების გადახედვა“, დასძინა პაპუაშვილმა.
POLITICO-სთან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპას „სუსტი“ ადამიანების მიერ მართული ქვეყნების „გახრწნილი“ ჯგუფი უწოდა. ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის ტრადიციული მოკავშირეები მიგრაციის კონტროლისა და რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარების უუნარობის გამო. მან ასევე მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერს ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც იზიარებენ მის ხედვას კონტინენტის მომავლის შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0