მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტი 100-ზე მეტ მოქალაქეს დაუფინანსა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2025
გამოწერა
ვაუჩერის მისაღებად მოქალაქემ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი „აქტემრა“ უკვე 129 მოქალაქეს დაუფინანსა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სახსრების ანთებით პროცესს, შემდეგ მათ დეფორმაციას, საბოლოოდ კი, მოქმედებისა და გადაადგილების შეზღუდვას იწვევს. დაავადების შეუფერხებელი მიმდინარეობის შემთხვევაში მაღალია შშმ პირის სტატუსის შეძენის რისკი.
„ყოველწლიურად თბილისის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ჯანდაცვასა და სოციალური პრობლემების დაფინანსებას ეთმობა - გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, ამ მიმართულებით გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამის ამოქმედება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო და მისი განხორციელება მიმდინარე წლის სექტემბრიდან დავიწყეთ“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, რამდენიმე ბენეფიციარმა უკვე მეორედ მიიღო მერიისგან მკურნალობის გასაგრძელებლად საჭირო საგარანტიო წერილი.
„რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამა სამ თვეში ერთხელ, „აქტემრას“ მისაღებად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლის საშუალებით, მოქალაქეზე აფთიაქში მედიკამენტი გაიცემა.
რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსების მისაღებად განცხადებას უნდა ერთვოდეს:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის საინფორმაციო ბარათი;
ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა, რომელიც უნდა მოიცავდეს სრულყოფილ ინფორმაციას ევროპული (EULAR) ან/და ამერიკული (ACR) „გაიდლაინებით“ გათვალისწინებული კვლევების ჩატარებისა და მათი შედეგების თაობაზე;
ინფორმაცია გამოყენებული სინთეზური მამოდიფიცირებელი პრეპარატების ან/და ამავე პრეპარატების მიმართ წინააღმდეგ ჩვენების/აუტანლობის დაფიქსირების შესახებ;
კონსილიუმის ვადიანი დასკვნა, პაციენტისთვის შესაბამისი მედიკამენტით მკურნალობის ჩატარების აუცილებლობისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე;
კალკულაცია მედიკამენტის მიმწოდებელი ორგანიზაციიდან;
სხვა დოკუმენტი, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 ათასს, მედიკამენტი სრულად, 100%-ით უფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს - 80%-ით.
მოქალაქემ მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად შესაბამისი საბუთებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.
თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული.
„რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის დაფინანსება 300 ათასი ლარით განისაზღვრა. ერთი პაციენტის წლიური მკურნალობის კურსი 12 ფლაკონს მოიცავს, თითოეულის ღირებულება კი 1,570 ლარია.
ყველა ახალი ამბავი
0