ვინ აფარებს ხელს ექსტრემიზმსა და ტერორიზმს საქართველოში - პრემიერის პასუხი

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2025
გამოწერა
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.
თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. შიდა პოლიტიკური ძალები და მათი მფარველი გარე პოლიტიკური ძალები საქართველოში ხელს აფარებენ არა მხოლოდ ექსტრემიზმს, არამედ ტერორიზმსაც, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა ოპოზიციური პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებას, რომელიც მან ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში ბრალდებული დაკავებული პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის დასაცავად გააკეთა.
„არა მარტო ექსტრემიზმს, უკვე ტერორიზმსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ისე მათი მფარველი გარე პოლიტიკური ძალები. ექსტრემიზმიდან ტერორიზმის გამართლებაზე გადავიდნენ და ეს აჩვენებს მათ სახეს. ასეთი ფაქტები კიდევ უფრო მეტად ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც არის წარდგენილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა პრემიერმა.
4 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ განხილვაში მიიღო სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და შემდგომ მათი გაუქმების შესახებ პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი - სარჩელი ეხება სამ პარტიას: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", „კოალიცია ცვლილებებისთვის" და „ლელო - ძლიერი საქართველოს".
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი. პირველი - „საქართველოს საკონსტიტუციო წყობის დამხობა ან მისი ძალადობრივი შეცვლა". მეორე პუნქტი ეხება - „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას". პარტიებს ასევე ბრალი ედებათ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელშეწყობაში.
„ლელოს“ ერთერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ, ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა: „ალეკო ჩვენი თანამებრძოლია, არსაიდან არ იქნება გარიცხული... მე პირიქით, მინდა, “წავუყენო ბრალი” შალვა პაპუაშვილს - ალეკო ელისაშვილი 40-ლარიან სკამს ასხამდა ნავთს, მაგრამ შალვა პაპუაშვილი და მისი რეჟიმი ასობით ათას ქართველს, მათ შორის, ბავშვებს წამლავდა, ეს არის ტერორიზმი.“
ასე უპასუხა გეგელიამ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ თუ პარტიები ორშაბათამდე არ გარიცხავენ ალეკო ელისაშვილს, „ისინი ტერორისტების ხელშემწყობი ორგანიზაციები გახდებიან“.
ზოგადად, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერაში ადანაშაულებს და მოუწოდებს მას, დაგმოს ოპოზიციის ქმედებები 4 ოქტომბრის აქციაზე, როდესაც მომიტინგეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს.
ადრე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბრიუსელი უკვე ორი თვეა არ იმჩნევს და არ გმობს 4 ოქტომბერს ექსტრემისტული ჯგუფების მიერ მომხდარი პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივი შტურმი, რითაც ფაქტობრივად ახალისებს ექსტრემიზმსა და ტერორიზმს ქვეყანაში.
ელისაშვილის საქმე
საქართველოს პროკურატურამ ელისაშვილს ბრალი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში წარუდგინა. აღნიშნული ქმედება 10-დან 15- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ცნობით, მიმდინარე წლის 29 ნოემბრის გამთენიისას შენიღბულმა ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის შუშა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში და პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა.
შსს-ის ინფორმაციით, ელისაშვილისთვის ხელის შეშლა სასამართლოს მანდატურებმა სცადეს, რომლებსაც პოლიტიკოსმა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ყველა ახალი ამბავი
0