შავ ზღვაში ენერგოკაბელის პროექტი მიმზიდველია როგორც ჩვენთვის ისე ევროპისთვის: ფხალაძე

© photo: Sputnik / Stringerელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2025
გამოწერა
ახლა საქართველოში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც გულისხმობს გადაწყვეტილებას ელექტროენერგიის წარმოების დივერსიფიცირების შესახებ, ყველა განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტი საინტერესოა როგორ საქართველოსთვის, ისე ევროპისთვის, რადგან სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობა ეძლევა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლობა საკმაოდ მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ფორმატისაა - რამდენადაც საქართველოს ინტერესის სფეროშია ევროპასთან პირდაპირი ენერგეტიკული კავშირი, ასევე ევროპაა დაინტერესებული, რადგან ეს არის დივერსიფიცირების ერთ-ერთი საშუალება, რითიც მას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობა ეძლევა“, - განაცხადა ფხალაძემ.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი 2025 წლის ბოლოს ორმხრივი ინტერესების პროექტის (Project of Mutual Interest) სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ჩამონათვალშია შეტანილი. აღსანიშნავია, რომ პროექტს წარდგენის დროს თან დაერთო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მხარდამჭერი დოკუმენტი.
„ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ევროკომისიამ აღიარა მისთვის მნიშვნელოვანი პროექტი და ის ორმხრივი ინტერესების პროექტის ნუსხაში შეიტანა. ჩვენთვის პროექტი იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქართველო ძალიან მდიდარია განახლებადი რესურსებით“, - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
მისი თქმით, ახლა საქართველოში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც გულისხმობს გადაწყვეტილებას ელექტროენერგიის წარმოების დივერსიფიცირების შესახებ, ყველა განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით.
„ეს ნიშნავს, რომ აქ წარმოებული მწვანე ენერგია ძალიან საინტერესო იქნება ევროპისთვისაც და აზიისთვისაც, ყველასთვის, ვინაიდან ის სუფთა ენერგიის სახით შეიძლება იყოს მიწოდებული“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა საქართველოსთვის ენერგოდაკავშირებადობის მნიშვნელობაზე - მისი შეფასებით, გარდა იმისა, რომ საქართველოს წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვის, ევროპასთან პირდაპირი ვაჭრობის შესაძლებლობა ექნება, გაიზრდება ტრანზიტის პოტენციალიც.
„დაინტერესების შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ჩვენი კაბელის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარების საშუალება გვექნება. ამასთან, ევროკავშირსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მიიღოს ელექტროენერგია იმ მომენტში, როდესაც ეს მას ძალიან სჭირდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
როგორც ფხალაძემ განმარტა, დივერსიფიცირება ნიშნავს - გარდა იმისა, რომ ევროპის ქვეყნები ერთმანეთთან ვაჭრობენ, მათთვის საინტერესოა სხვა დერეფნის საშუალებით სხვა ქვეყნებიდან, ჯერჯერობით, არაევროპული ქვეყნებიდან მიიღონ მათთვის აუცილებელი ელექტროენერგიის რაოდენობა.
„ეს არის ენერგოუსაფრთხოების, ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროპის მხრიდანაც“, - განაცხადა ფხალაძემ.
ფხალაძემ ასევე აღნიშნა, რომ გარდა იმისა, რომ საქართველო აქ წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვას შეძლებს, ასევე ბევრ დაინტერესებულ ინვესტორს მოიზიდავს იმისთვის, რომ უფრო ენერგეტიკის დარგი კიდევ უფრო განვითარდეს.
„შესაბამისად, რეპუტაციულადაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და მისი განვითარებისთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
წყალქვეშა ძალოვანი კაბელის სიგრძე იქნება 1.155 კმ-ზე მეტი (1.115კმ წყალქვეშ, ხოლო 40 კმ ხმელეთზე), ძაბვა – 525 კვ, ხოლო სიმძლავრე – 1.300 მგვტ. პროექტი ასევე მოიცავს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო კაბელის მშენებლობას, რომელიც დამონტაჟდება წყალქვეშა ძალოვანი კაბელისთვის შერჩეულ დერეფანში.
წყალქვეშა ძალოვანი კაბელის მშენებლობის დასრულების სავარაუდო თარიღია 2030 წელი.
ყველა ახალი ამბავი
0