რა ცვლილებები ელოდება მევენაღეებს 2026 წლიდან: დეტალები

© photo: Sputnikყურძენი
ყურძენი - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2025
გამოწერა
მომავალი წლიდან ყურძენი, რომელიც იქნება 17%-ზე დაბალი შაქრიანობის, ჩაბარდება გაცილებით დაბალ ფასად, განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. 2026 წლიდან საქართველოში სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე საჭირო იქნება თანხმობა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.
საქართველოს მთავრობამ მიმდინარე კვირაში განიხილა და მოიწონა „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი“, რომლის მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა.
„ღვინის გლობალურ ბაზარზე შედარებით იკლო მოხმარებამ; მსოფლიო მასშტაბით მძაფრი კონკურენცია და ჭარბწარმოებაა. ამიტომ ვფიქრობთ, ვენახების სპონტანური გაშენება, რაც ბოლო ათწლეულში აღინიშნებოდა, უნდა დარეგულირდეს. აქცენტი უნდა გაკეთდეს საბოლოოდ მიღებული პროდუქტის, ღვინის ხარისხზე. დაწყებული ნიადაგით, ექსპოზიციით, მდებარეობით, ჯიშით, საძირით - ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი, რომელიც გამოყენებული იქნება საუკეთესო ღვინის დასამზადებლად“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე იმ უმაღლესი ხარისხის ღვინის წარდგენა, რომელიც იწარმოება უმაღლესი ხარისხის ყურძნისგან.
გარდა ამისა, სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა ყურძნის ხარისხთან და ჩასაბარებელ ფასებთან დაკავშირებულ სიახლეებზე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ღვინის ხარისხის უზრუნველსაყოფად, 2026 რთველის დროს მეტად გამახვილდება ყურადღება ყურძნის კონდიციურობაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის რთველის დროს იყო ორი განსხვავებული ფასი, მაინც რჩებიან მევენახეები, რომლებიც ცდილობენ აქცენტი რაოდენობაზე გააკეთონ და არა კონდიციურობაზე და ხარისხზე“, - აღნიშნა მეხუზლამ.
მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ბარდებოდა ძალიან დაბალკონდიციური ყურძენი, მაგალითად 15-16%-იანი შაქრიანობის, რომელიც სპირტის დასამზადებლადაც მიუღებელია.
„ამიტომ, მომავალ წელს გაჩნდება ახალი ფასი - ყურძენი, რომელიც იქნება 17%-ზე დაბალი შაქრიანობის, ჩაბარდება გაცილებით იაფად. ყველა მევენახეს მინდა ვურჩიო და ვთხოვო, მაქსიმალური აქცენტი გააკეთონ ხარისხზე და არა რაოდენობაზე. საქართველოს პირობებში ადვილად მისაღწევია ყურძნის 17%-იანი შაქრიანობა“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.
რთველი-2025: შედეგები
წელს საქართველოს მევენახეობის რეგიონებში 336 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია. ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 22 ათასამდე მევენახე-ფერმერმა დააბინავა - შემოსავალმა 475 მლნ ლარს მიაღწია. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში კი ჩართული იყო 500-ზე მეტი ღვინის საწარმო.
გადამუშავებული ყურძნიდან უდიდესი წილი, 327 ათასამდე ტონა, კახეთზე მოდის, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 432 მლნ ლარს მიაღწია.
წელს კახეთის რეგიონში ღვინის საწარმოებზე სუბსიდია აღარ გაიცა. ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებდა: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.
რაჭაში გადამუშავებულია ასევე რეკორდული, 3 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, საიდანაც უდიდესი წილი ალექსანდროული და მუჯურეთულია. მოსავალი 1400-ზე მეტმა მევენახემ დააბინავა, ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 23,5 მლნ ლარს მიაღწია.
რაჭის რეგიონში კი სუბსიდირების პროგრამა განხორციელდა. სუბსიდიის მიმღებია ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს არანაკლებ 8 ლარი გადაუხადა.
სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები იღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ „ალექსანდროულის", ასევე, 1 კგ „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენზე.
2025 წელს კახეთში ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 200-250 ათასი ტონის ფარგლებში იყო, რაჭაში - 1,5-დან 2 ათასი ტონის ფარგლებში.
ყველა ახალი ამბავი
0