სააგენტო: ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკები შემცირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2025
გამოწერა
საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება 6 ნოემბრიდან ფიქსირდებოდა.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში დღევანდელი მაჩვენებლებით მტვრის მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კლების ტენდენცია ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების განმარტებით, მტვრის მყარი ნაწილაკების შემცირება მეტეოროლოგიურმა პროცესებმა განაპირობა.
„1-ელ დეკემბერს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დაფიქსირდა ნალექი - წვიმის სახით. წვიმასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან, მათ შორის დედაქალაქში, დაფიქსირდა დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება 6 ნოემბრიდან ფიქსირდებოდა. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ განაპირობა.
უდაბნოს მტვრის მასების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე წლის განმავლობაში პერიოდულად ფიქსირდება. სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების - წვიმა, თოვლი, ქარი - განვითარებაზე.
გარემოს ეროვნული სააგენტო 18 ავტომატური სადგურის საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს.
PM10 - ეს არის ჰაერში არსებული ნებისმიერი მყარი ნაწილაკი 10 მიკრომეტრი ან ნაკლები დიამეტრით, მათ შორის კვამლი, მტვერი, ჭვარტლი, მარილები, მჟავები და ლითონები.
PM2.5 - შეწონილი მყარი მიკრონაწილაკები და სითხის უმცირესი წვეთები (10 ნმ - 2,5 მიკრონი დიამეტრის).
სააგენტოს ცნობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ პორტალზე www.air.gov.ge.
ყველა ახალი ამბავი
0