ევროკავშირის სტრატეგიული შეცდომა: ვინ შექმნა კრიზისი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში

© Courtesy of Maka Botchorishviliმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2025
გამოწერა
ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებები აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას და უარყოფითად მოქმედებს ევროინტეგრაციის პროცესზე
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. ბრიუსელი წინააღმდეგობრივ პოზიციას იკავებს: ის უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს ევროპულ კურსს, მაგრამ თავს არიდებს დიალოგს მის მთავრობასთან და უშვებს უვიზო რეჟიმის გაუქმებას, რაც უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იქნება, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, რომელიც მიღებულია 2024 წლის ევროპული საბჭოს დასკვნის კონტექსტში, საქართველო მხოლოდ სიტყვიერად რჩება კანდიდატი ქვეყანა, დემოკრატიული პრინციპების მიმდინარე უკუქცევის ფონზე.
„ევროკავშირში გაწევრიანება ვერ იქნება პროცესი, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოზე. ეს არის ორმხრივი პროცესი. ჩვენი ვალდებულებაა, საქართველო მოვამზადოთ ევროკავშირში წევრობისთვის. ანუ საქართველო იყოს ისეთი ქვეყანა, რომელიც თავსებადი იქნება იმ სივრცისთვის, გაუძლებს იმ კონკურენციას, რომელიც არსებობს ევროკავშირში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში ვითარდებოდეს.
ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი აერთიანებს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლებითა და ცხოვრების ხარისხით, რაც მას მიმზიდველს ხდის საქართველოს მოქალაქეებისთვის. საქართველოც ისწრაფვის გახდეს ასეთივე ქვეყანა - თანამედროვე, განვითარებული და კომფორტული საცხოვრებლად და სამუშაოდ.
„2030 წელი ყველაზე ხშირად გაჟღერებული თარიღია ევროკავშირის გაფართოების შემდგომი ტალღისთვის და როდესაც 2030 წელი მოვა, საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირის წევრობისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ერთი წლის წინ გაკეთებულმა განცხადებამ ბევრი სპეკულაცია გამოიწვია. ხელისუფლებამ იმ დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის თემა არ უნდა იყოს პოლიტიკური ბრძოლის საგანი საქართველოში, რადგან ეს ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს. თუმცა, მთავრობის არგუმენტები სხვადასხვაგვარად იქნა აღქმული.
ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმაც გააკეთა განცხადებები, რომლებიც ფაქტობრივად საქართველოს აკისრებდა პასუხისმგებლობას ევროკავშირთან დიალოგის შეწყვეტაზე, თუმცა, მისი თქმით, ეს დიალოგი თავად ევროკავშირმა შეწყვიტა ჯერ კიდევ ივნისში.
„მთელი წელია, ვხედავთ და ვაკვირდებით, რომ გრძელდება ბრძოლა იმისთვის, რომ სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული თემები იქცეს საქართველოში რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის მსაზღვრელი“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებები აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას და უარყოფითად მოქმედებს ევროინტეგრაციის პროცესზე. თუმცა, მინისტრი მიიჩნევს, რომ დიალოგის შეჩერებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას არ შეიძლება დაეკისროს, რადგან კომუნიკაციის შეჩერების გადაწყვეტილება თავად ევროკავშირმა მიიღო.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ბრიუსელის პოზიციის წინააღმდეგობრივ ხასიათს: ერთი მხრივ, ისმის განცხადებები ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის და მათი სურვილის შესახებ, რომ საქართველო ევროკავშირში იხილონ, მაგრამ მეორე მხრივ, იმავე ხალხის მიერ არჩეულ მთავრობასთან დიალოგი შეწყვეტილია.
„ეს ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებია. ერთის მხრივ შენ ამბობ, რომ გინდა იხილო საქართველოს მოსახლეობა და საქართველო ევროკავშირში და მეორეს მხრივ ამ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან წყვეტ დიალოგს“, - განაცხადა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხს განზრახ იყენებენ და ის უკვე პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტად იქცა. იგი მიიჩნევს, რომ ეს მექანიზმი რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებას ემსახურება და სხვა დანიშნულება არ აქვს.
მინისტრმა იმედი გამოთქვა რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაისჯებიან პოლიტიკური მიზეზების გამო. თუმცა მან აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დიალოგის არარსებობის და სპეკულაციების ფონზე ევროკავშირის მხრიდან არ არის გამორიცხული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება.
„ძალიან რთულია, დღეს არსებული ბიუროკრატიის პირობებში რამე გადაწყვეტილების რაციონალურობაზე დავდოთ თავი, მაშინ როდესაც ვხედავთ ძალიან ბევრ ირაციონალურ გადაწყვეტილებას, რაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურიდან მოდის. ამაზე მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ, ამაზე ბევრი საუბრობს დღეს, ძალიან ბევრი იწერება და ძალიან ბევრი გვესმის, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის საქმიანობა არ არის საკმარისად კარგი და არ არის მიმართული სწორედ ევროპის ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველომ ბევრი ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ უვიზო მიმოსვლისთვის საჭირო მოთხოვნები ყოფილიყო დაკმაყოფილებული და ქვეყნის მოქალაქეებისთვის არანაირი შეფერხება არ ყოფილიყო ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისას.
„მე ვიტყოდი ასე, თუკი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება უდიდესი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
ყველა ახალი ამბავი
0