Fitch Ratings-მა საქართველოს რეიტინგები დაადასტურა

© AP Photo / HENNY RAY ABRAMSFitch Ratings
Fitch Ratings - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2025
გამოწერა
ანალიტიკოსების აზრით, პროდუქტიულობის ძლიერი ზრდა და იმ სექტორების შემცირებული იმპორტდამოკიდებულება, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებენ საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს გააძლიერებს.
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო რეიტინგულმა სააგენტო Fitch Ratings-მა დაადასტურა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე და პერსპექტივა „ნეგატიურიდან" „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა.
ანალიტიკოსების აზრით, „BB“ რეიტინგს ამყარებს საქართველოს ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები სხვა „BB“ რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით, ძლიერი მაკროფისკალური პოლიტიკა, ზომიერი სახელმწიფო ვალი და ძლიერი საბანკო სექტორი.
„სტაბილური პროგნოზი" ასახავს ზომიერ ინსტიტუციურ პოტენციალს, კანონის უზენაესობას, კორუფციის ზომიერ დონეს და რუსეთთან გადაუჭრელ კონფლიქტთან დაკავშირებულ პოლიტიკურ რისკებს.
ეკონომიკის ზრდა
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2025 წლის პირველ-მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7,8%-ით გაიზარდა და Fitch-ი 2025 წელს 7,3%-იან, 2026 წელს 5,3%-იან და 2027 წელს 5%-იან ზრდას ელის.
მათი აზრით, პროდუქტიულობის ძლიერი ზრდა და იმ სექტორების შემცირებული იმპორტდამოკიდებულება, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებენ (ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი და ტრანსპორტი) საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს გააძლიერებს.
,უძრავი ქონების სექტორში მოსალოდნელი მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ასევე სხვა მასშტაბური კაპიტალური პროექტები, საშუალოვადიან პერიოდში ჩვენს პროგნოზებს ზრდის დამატებით პოტენციალს ანიჭებს”, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
ფასების ცვლილება
Fitch-ი ელოდება, რომ 2026-2027 წლებში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 3,2%-ს შეადგენს. Fitch-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 2024 წლის მაისიდან უცვლელად შეინარჩუნა და ამ მიმართულებით რაიმე ცვლილებას არ ელის.
პოლიტიკური რისკები
ანალიტიკოსების თქმით, პოლიტიკური გაურკვევლობა კვლავ მაღალია მნიშვნელოვანი პოლიტიკური პოლარიზაციისა და სოციალური დაყოფის ფონზე, რომელიც გაღრმავდა სადავო საპარლამენტო არჩევნების და 2024 წელს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული „გამჭვირვალობის შესახებ“ სადავო კანონის მიღების შემდეგ.
„განგრძობადმა ან უფრო ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა, შესაძლოა, მმართველობის სტანდარტების გაუარესება და ინვესტორების ნდობის შესუსტება გამოიწვიოს“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანალიტიკოსების აზრით, ნეგატიური გავლენა შეიძლება მოახდინოს ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებამ და აშშ-სთან არასტაბილურმა ურთიერთობებმა.
რიგი პრობლემების მოგვარება
ანალიტიკოსების მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 2024 წლის ოქტომბრის მინიმუმთან შედარებით 37,2%-ით გაიზარდა და 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს ისტორიულ მაქსიმუმს - 5,6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც მიმდინარე გადახდების (CXP) 2,8 თვის ექვივალენტურია.
გაუმჯობესება ასახავს ცენტრალური ბანკის მიერ წლის დასაწყისიდან 1,6 მლრდ დოლარის შესყიდვებს და ოქროზე ფასების ზრდას.
ანალიტიკოსების მოსაზრებით, გაუმჯობესება ასევე განპირობებული იყო ტურიზმიდან მიღებული მაღალი შემოსავლებით, ბანკების სავალუტო დეპოზიტებისადმი სარეზერვო მოთხოვნების გამკაცრებით და დედოლარიზაციის უფრო ფართო ტენდენციით.
„Fitch-ის მოლოდინია, რომ საერთაშორისო რეზერვები 2026-2027 წლებში საშუალოდ 2,6 თვის CXP დონეზე სტაბილიზდება“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ბოლო წლებში შეინიშნება მომსახურების ექსპორტის მნიშვნელოვანი და, სავარაუდოდ, მდგრადი ზრდა, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, ფინანსური მომსახურებისა და განათლების სექტორებში.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ წმინდა საგარეო ვალი 2027 წლისთვის მშპ-ის 36,2%-დან 32%-მდე შემცირდება, რაც ჩვენი საბაზისო პროგნოზების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების აღდგენისა და შედარებით სტაბილური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, BB-ს საშუალო პროგნოზზე გაცილებით მეტია“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, Fitch-ი ვარაუდობს, რომ 2025–2027 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი საშუალოდ მშპ-ის 2,4%-ს შეადგენს, რაც 3%-იან ზღვარზე გაცილებით ნაკლებია.
ყველა ახალი ამბავი
0