ქართული კომპანიები აშშ-ში აგროსასურსათო საერთაშორისო გამოფენაზე წარდგნენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები
ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2025
გამოწერა
2024 წელს გამოფენებზე დამყარებული კავშირების შედეგად კომპანიებმა 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განახორციელეს.
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ექვსმა ქართულმა კომპანიამ აშშ-ში, ჩიკაგოში აგროსასურსათო საერთაშორისო გამოფენაზე U.S. Private Label Trade Show მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების: "აჩინებული", "არომაპროდუქტი", "გრინგოლდი", "ჰობი", "რკ ლავრ-ჯორჯია" და "კულა" წარმოების ორგანული წვენები, ჩაი, თაფლი, ჩირი, დაფნა, ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი.
გამოფენაში ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები იღებდნენ მონაწილეობას.
"სოფლის განვითარების სააგენტო წელს უკვე მეცხრე საერთაშორისო გამოფენაში იღებს მონაწილეობას. ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია. საქართველო აღნიშნულ გამოფენაში უკვე მეოთხე წელია მონაწილეობს. წინა წლებში საინტერესო შედეგები გვქონდა. ვფიქრობთ, ქართული კომპანიებისთვის წლევანდელი გამოფენაც წარმატებულ იქნება", – აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ავალიანმა.
უწყების ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის გამოფენებში მონაწილეობის ფარგლებში, მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ, დაამყარონ ახალი კონტაქტები და გაზარდონ საექსპორტო შესაძლებლობები.
ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მიიღეს.
სამინისტროს ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო გამოფენებზე დამყარებული საქმიანი კავშირების შედეგად კომპანიებმა 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განახორციელეს. სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოფენების ორგანიზება დაახლოებით 2 მლნ ლარით დაფინანსდა.
ყველა ახალი ამბავი
0