რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება

© Sputnik / Viktor Kaminskyრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2025
გამოწერა
ვიცე-მერის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 4 თვის ვადაში დასრულდება.
თბილისი, 19 ნოემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირის სრული აღდგენის პროექტის შესახებ პირველად 2023 წელს განაცხადა. გამზირის განახლება 2024 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მაშინ პროექტი კვლევის ჩატარების აუცილებლობის გამო გადაიდო. მოგვიანებით გადაწყდა სარემონტო სამუშაოები 2025 წლის მაისში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებით დაწყებულიყო, თუმცა, გამზირის რეაბილიტაცია მომავალ წლამდე გადაიდო.
„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია განხორციელდება 2026 წელს. სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაახლოებით, 50 მლნ ლარის ბიუჯეტით არის განსაზღვრული. უახლოეს მომავალში დავიწყებთ სამუშაოებს. ახლა ტექნიკურ დეტალებზე ვმუშაობთ, ვფიქრობთ, 4 თვის ვადაში იყოს განხორციელებული აღნიშნული პროექტი“, - აღნიშნა ტყემალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, მასზე არსებული შენობა-ნაგებობების განახლებასაც ითვალისწინებს.
რუსთაველის გამზირის სიგრძე თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის მოედნამდე დაახლოებით 1,5 კილომეტრია - სარემონტო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.
რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. იგი დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს საქართველოს პარლამენტის შენობა, წამყვანი თეატრებისა და მუზეუმების შენობები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
ყველა ახალი ამბავი
0