უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი იცვლება

© photo: Supreme Court of Georgia / FBუზენაესი სასამართლოს შენობა
უზენაესი სასამართლოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2025
გამოწერა
კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე ყოველგვარი შესაძლო ზეგავლენის პრევენციისთვის.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მათი საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ ფარულად შეაფასებენ, შესაბამისი ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შედის.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე ყოველგვარი შესაძლო – როგორც გარე ძალების, ისე შიდა კორპორაციული ზეგავლენის პრევენციისთვის, კანდიდატთა შეფასებები, ასევე მათთან დაკავშირებული კენჭისყრა, ფარულად, საბჭოს დახურულ სხდომებზე უნდა შედგეს.
ცვლილებების მიხედვით, კანდიდატთა შერჩევის პროცედურა მარტივდება და კანონის მოთხოვნა უქმდება, რომლის გათვალისწინებით, კანდიდატთა შეფასებების დასაბუთებები საჯაროა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე, საბჭოს წევრების ვინაობის მითითებით ქვეყნდება.
ცვლილებების მიხედვით, თუ პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატის არჩევის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, საბჭოს შესაძლებლობა ექნება პარლამენტს კანდიდატი ხელახლა წარუდგინოს ან შესარჩევი პროცედურა თავიდან დაიწყოს.
გარდა ამისა, დასაშვები იქნება მხოლოდ საბჭოს წარდგინების გასაჩივრება და აღარ მოხდება ე.წ. საბუთების გადარჩევისა და საჯარო მოსმენის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება.
ასევე თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს დააკმაყოფილებს, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავ იმავე კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს, სხვა კანდიდატს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება მხოლოდ ერთჯერადად შეეძლება.
ცვლილებები შეეხება საზოგადოების ინფორმირებასაც. კერძოდ, მოქმედი კანონით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო შერჩევის პროცედურის დაწყებას აცხადებს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს - ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით და შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებრივ მაუწყებელსა და არანაკლებ ორ ეროვნულ მაუწყებელს აწვდის. ცვლილებებით, ინფორმაციის არანაკლებ ორი ეროვნული მაუწყებლისთვის მიწოდების ვალდებულება უქმდება.
უზენაესი სასამართლო არის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საერთო სასამართლოებში მართლმსაჯულების განხორციელებას ზედამხედველობს.
უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში არანაკლებ 28 მოსამართლეა. განსხვავებით რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისგან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არ ინიშნებიან. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, უვადოდ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
ყველა ახალი ამბავი
0