რომელი ინვესტორია შესაფერისი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის? მინისტრის პასუხი

© photo: Sputnik / Stringerანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2025
გამოწერა
როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, ანაკლიის პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის პარტნიორ სახელმწიფოს ეძებს, რომელიც პორტში არა მხოლოდ ტვირთებს მოიზიდავს, არამედ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებსაც განახორციელებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება. ანაკლიის პორტის (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
„ანაკლიის პროექტში ჩვენ ვეძებთ პარტნიორს, რომელიც მოიზიდავს პორტისკენ ტვირთებს, მაგრამ ამავდროულად იქნება გარკვეული სახის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის განმახორციელებელიც", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, მიმდინარე ტენდერის პროცესში ხელისუფლება აზუსტებს გარკვეულ პირობებს იმისათვის, რათა მომავალში ამ პროექტში სახელმწიფო ინტერესები დაიცვას.
„მიმდინარე ტენდერის პროცესში დღეს ვაზუსტებთ გარკვეულ საკითხებს იმისათვის, რომ სახელმწიფომ ამ პროექტშიც, უპირველესად, სახელმწიფო ინტერესის გატარება და საუკეთესო პირობების უზრუნველყოფა შეძლოს ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით ისეთი სტრატეგიული პროექტისთვის, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური,“ - აღნიშნა მინისტრმა.
როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, ანაკლიის პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის.
„ანაკლიის პროექტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უდიდესი ღირებულება აქვს. ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი და სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ სახელმწიფომ უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტით. ანაკლიაში სახელმწიფო უკვე აშენებს მთავარ ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურას, რაც არის დემონსტრირება იმისა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან ღირებულია,“ - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
ანაკლიის პორტის მშენებლობა
ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. ღრმაწყლიანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ახორციელებს უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, საზღვაო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.
ანაკლიის პორტის (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
როგორც ადრე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება. პირველ ფაზაში სულ 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და მისი დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
ყველა ახალი ამბავი
0