კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო სვეტიცხოვლის და ჯვრის მონასტრის რეაბილიტაციას გეგმავს

© Courtesy of Ministry of Culture of Georgiaსვეტიცხოველი
სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2025
გამოწერა
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისა და ჯვრის მონასტრის აღდგენას გეგმავს, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა თეა ონიანმა.
ბოლო ერთ წელში სვეტიცხოვლის ტაძარში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, სახურავიდან წყალი ორჯერ ჩვიდა.
„ვგეგმავთ სვეტიცხოვლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას. ჩემი დანიშვნიდან სამ კვირაში სვეტიცხოველში მოხდა წყლის ინფილტრაცია, რაც იყო ძალიან დიდი გამოწვევა, თუმცა ჩვენ შევძელით ის, რომ დღეს სვეტიცხოველს არ ემუქრება წყლის ინფილტრაციის საფრთხე. დავგეგმეთ სამუშაოები, ავაწყვეთ ხარაჩო, მოხდა გადახურვის მთელი პერიმეტრის შესწავლა", - განაცხადა ონიანმა.
მისი თქმით, ტაძრის სახურავი საფუძვლიანად შემოწმდა და ჩატარდა შესაბამისი პრევენციული სამუშაოები.
„უკვე ამ გადაუდებელმა პრევენციულმა სამუშაოებმა გვიჩვენა, რომ სვეტიცხოვლის ტაძარში მძიმე მდგომარეობაა. უჭირს. ეს იქნება ქვის კონსერვაცია თუ გადახურვა, რომელსაც აუცილებლად უნდა მივხედოთ, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი მულტიდისციპლინური კვლევების შედეგად შემუშავებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე", - განაცხადა ონიანმა.
მისი თქმით, სააგენტოს მომზადებული აქვს დროებითი გადახურვის პროექტი მთელი ტაძრის მასშტაბით.
სვეტიცხოვლის ტაძარი სქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა. ტაძარი 1010-1029 წლებში IV საუკუნის პირველი ქრისტიანული ეკლესიის ადგილზე აშენდა. სვეტიცხოველი სხვადასხვა დროს ძლიერ დაზიანდა და XV-XVII საუკუნეებში მისი საფუძვლიანი რეკონსტრუქციები ჩატარდა.
სვეტიცხოველი – მთლიანად შენარჩუნებული ძეგლებიდან საქართველოს უდიდესი არქიტექტურული ძეგლია. 1994 წელს ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება.
ჯვრის მონასტერი VII საუკუნის მონასტერია. მდებარეობს მცხეთაში, მდინარე მტკვრისა და მდინარე არაგვის შეერთების ადგილთან მთის წვერზე. აქ, ისტორიული წყაროების თანახმად, ჯვარი წმინდა ნინომ აღმართა.
1994 წელს ჯვრის მონასტერი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანეს.
ყველა ახალი ამბავი
0