წვევამდელი დამატებით სამედიცინო გამოკვლევებზე უარის შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმდება

© photo: Sputnikსამხედრო მოსამსახურე
სამხედრო მოსამსახურე - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2025
გამოწერა
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე, მათ შორის დამატებით სამედიცინო გამოკვლევებზე უარს იტყვის, 1ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსსა“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამის ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.
საქართველოში წვევამდელები თავდაცვის ძალებში გაწვევისას სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას გადიან.
სამედიცინო კომისიაზე არგამოცხადება ისედაც ისჯება 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ კი 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა გავრცელდება კომისიის მიერ დანიშნულ დამატებით გამოკვლევებზე უარის თქმის შემთხვევაშიც.
„თავდაცვის კოდექსის“ მიხედვით, თუ წვევამდელი გამოძახების შემთხვევაში გამწვევ კომისიაში არ გამოცხადდება ან სამედიცინო შემოწმების გასავლელად მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში არ გამოცხადდება, გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტი შესაბამის მასალებს სასამართლოს გადასცემს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც პირი მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში ცხადდება, თუმცა სამედიცინო შემოწმებას, მათ შორის, დამატებით გამოკვლევებს არ გადის.
უწყების შეფასებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებები და ამ მიმართულებით ადმინისტრაციული ჯარიმის ამოქმედება წვევამდელის მიერ მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოცხადების შემდგომ, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისაგან თავის არიდების პრევენციას უზრუნველყოფს.
სამხედრო სამსახური
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან.
ჯარში სამსახურის პოპულარიზაცია თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განახლებული "თავდაცვის კოდექსი" 2025 წლიდან ამოქმედდა. სიახლეები შეეხო როგორც სავალდებულო სამსახურს, ისე საკონტრაქტო სამსახურს და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურას.
2025 წლიდან გაწვევა ხორციელდება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
წვევამდელთა სამსახური ანაზღაურებადია, ასევე გათვალისწინებულია შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად ირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს:
სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში – ექვსი თვე:
სამსახური დაცვისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში – რვა თვე;
სამსახური უმცროსი სამეთაურო წოდების მისაღებად და გარკვეული სპეციალობის დაუფლებისთვის – 11 თვე.
გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და ის 5 ათასი ლარი დაჯდება.
მანამდე არსებული კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავდა ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებდა.
ყველა ახალი ამბავი
0