PACE-ს დელეგაცია საქართველოში: შეხვედრების ძირითადი თემები

© Courtesy of Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან შეხვედრაზე
შალვა პაპუაშვილი PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2025
გამოწერა
მიმდინარე წლის იანვარში ქართულმა დელეგაციამ ასამბლეაში მუშაობაზე უარი თქვა და თავისი დელეგაციის წევრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეადან გაიწვია.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა ედიტ ესტრელამ და საბინა ჩუდიჩმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს როგორც ოპოზიციასთან, ისე მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან".
მიმდინარე წლის 29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა ქართული დელეგაციის უფლებამოსილების აღიარებას მისი შეჩერების დათქმით იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს პირობებს, რომელთა შორისაა საქართველოს პარლამენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ამის საპასუხოდ, ქართულმა დელეგაციამ ასამბლეაში მუშაობაზე უარი თქვა და თავისი დელეგაციის წევრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გაიწვია.
საქართველოსა და PACE-ს შორის თანამშრომლობის საკითხი იყო თანამომხსენებლების საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა.
როგორც შეხვედრაზე პაპუაშვილმა განაცხადა, ოქტომბერში გამართული ადგილობრივი არჩევნებით საქართველოში დაიხურა მორიგი საარჩევნო ციკლი და მომავალი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება აქტიური მუშაობა არაერთი მიმართულებით, მათ შორის, მნიშვნელოვან საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის კუთხით პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კვლავ არ არსებობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გაყალბების არანაირი საბუთი ან თვალსაჩინოება, ამიტომ გაუგებარი იყო, რის საფუძველზე ითხოვდა ასამბლეა საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას წლის დასაწყისში მიღებული რეზოლუციით, რამაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მუშაობის შეჩერება გამოიწვია.
მისი თქმით, ადგილობრივი არჩევნები საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურ პირობებში ჩატარდა, თუმცა ორმა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.
„ეს ფაქტიც, არაპირდაპირ, ადასტურებს, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განზრახ ცრუ ბრალდებები ვრცელდებოდა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროპის საბჭოს და საპარლამენტო ასამბლეის ერთგულ წევრად და ხაზი გაუსვა ასამბლეის მხრიდან სუვერენიტეტის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონმდებლობაზე. შალვა პაპუაშვილმა თანამომხსენებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თაობაზე.
როგორც შეხვედრის შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, მთავარი საკითხები იყო „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ და საპროტესტო აქციებზე დარღვევებისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ ცვლილებები.
მისი თქმით, კანონები, რომელთა მიმართაც კრიტიკული განცხადებები კეთდება, გასაჩივრებულია საკონსტიტუციო საასმართლოსა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ამიტომაც პოლიტიკური შეფასებების ნაცვლად ყველა უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
მმართველი პარტიის წევრების გარდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა შეხვედრა გამართეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მოისმინეს მათი მოსაზრება საქართველოში შექმნილ ვითარებასთან და „ქართული ოცნების" ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
როგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს, მაგრამ საქართველო რჩება ევროპის საბჭოს წევრად და მზად არის თანამშრომლობისთვის.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ევროსაბჭოს მიერ ქართული მხარის მიმართ გაკეთებული დათქმები აბსურდული, უსაფუძვლო და უსამართლოა. დათქმა მმართველი გუნდის ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით კატეგორიულად მიუღებელია და სცილდება ასამბლეის კომპეტენციას.
10 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში არსებული ვითარება და რეზოლუციის შემდგომი ქმედებები „საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჯერ კიდევ არარატიფიცირებული უფლებამოსილების არსებითი საფუძვლით გასაჩივრებაზე“. რეზოლუცია მიიღეს 89 ხმით სამის წინააღმდეგ, ხუთმა კი თავი შეიკავა. ასამბლეამ ამ რეზოლუციით დაგმო საქართველოს დელეგაციის უარის თქმა PACE-ში მუშაობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოში სიტუაცია გაუარესებულია.
ყველა ახალი ამბავი
0